საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მუზეუმი გააერთიანებს საკონფერენციო დარბაზს, ფონდსაცავს, ბიბლიოთეკას, მედიათეკას და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცეს.
„რეგიონული განვითარება ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ეს არის ერთადერთი საშუალება, რათა საქართველოში ინკლუზიურ ზრდას მივაღწიოთ. საქართველოს რეგიონების თანაბარი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ყველა რეგიონში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ინკლუზიური ზრდისთვის საუკეთესო სექტორი ტურიზმია. მაღალმთიან რეგიონებში ვავითარებთ შესაბამის ინფრასტრუქტურას. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ონში აშენდება მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.