მთავრობის დახმარებით, საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი ბულგარეთიდან დაბრუნდა, 106 მოქალაქე დაბრუნდება პოლონეთიდანაც
ბულგარეთიდან სამშობლოში დღეს საქართველოს 92 მოქალაქე ჩამოიყვანეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.
როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდმა აღნიშნა, ბულგარეთში ამ ეტაპზე მცირე რაოდენობით საქართველოს მოქალაქეები არიან დარჩენილი, რომელთაც დარჩენის გადაწყვეტილება თავად მიიღეს.
„მთავრობა აგრძელებს საზღვარგარეთიდან ჩვენი მოქალაქეებს ორგანიზებულად ჩამოყვანის პროცესს. დღეს ჩარტერული რეისი განახორციელა „მაივეი ეარლაინსმა“, რომელმაც ბულგარეთიდან ჩამოიყვანა საქართველოს 92 მოქალაქე. ეს გახლავთ ბულგარეთიდან ჩვენი მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანის მეორე ტალღა. პირველ ჯერზე საქართველოს 90-მდე მოქალაქე ჩამოვიდა სახმელეთო გზით. დღეს განხორციელებული ჩარტერული რეისის ღირებულება 100 ევრო გახლდათ. მოქალაქეები, რომლებიც დღეს ჩამოვიდნენ საქართველოში 14-დღიან სავალდებულო საკარანტინო რეჟიმს გაივლიან. დღეს ჩამოყვანილი მოქალაქეების ნახევარზე მეტი არის სახმელეთო გადამზიდ სერვისებში დასაქმებული მოქალაქეები, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეექმნათ პრობლემები, ისინი საქართველოს საელჩოს დახმარებით უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვებით, მედიკამენტებითა და საცხოვრებლით. ამ ეტაპზე მცირე რაოდენობით საქართველოს მოქალაქეა დარჩენილი ბულგარეთში, რომელთაც დარჩენის გადაწყვეტილება თავად მიიღეს“, – აღნიშნა კონსტანტინიდმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვარშავის რეისზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
„ამ ეტაპზე ვარშავის რეისზე ყველა ბილეთი გაყიდულია, ბორტი 106 ადგილისგან შედგება. ახალი რეგულაციების თანახმად, უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, მგზავრთა განლაგება ჭადრაკულად, ადგილგამოტოვებით, შესაბამისად პრაქტიკულად ბორტზე მგზავრთა რაოდენობა ნახევრდება. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, მხოლოდ გადაადგილება არ არის მნიშვნლოვანი, უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების ზომები მიღება, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ დაავადების გადაცემის რისკები, შესაბამისად, ვხელმძღვანელობთ ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებით“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.