შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენებისთვის უწყებათშორისი კომისია შეიქმნა
შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენებისთვის უწყებათშორისი კომისია შეიქმნა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათშორისი კომისია შეიქმნა.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, კომისიის შემადგენლობაში ათი სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შედიან.

„ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 1990-იანი და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, დაკარგულად ითვლება 2 500-მდე ადამიანი. 2010 წლიდან წითელი ჯვრის ეგიდით ფუნქციონირებს ორი მექანიზმი ორმხრივი – ქართულ-აფხაზური და სამმხრივი – ქართულ-რუსულ-ოსური მექანიზმი, რომელთა ფარგლებში დღემდე მოხერხდა 187 სამარხის გახსნა და იდენტიფიცირებულ იქნა 178 პირი. მათი ნეშტები დაუბრუნდა ოჯახებს. თუმცა, საერთო ციფრს თუ შევადარებთ, ცხადია აშკარა ხდება, რომ 2 300 ადამიანი კვლავ რჩება უგზო-უკვლოდ დაკარგულად სიაში, რაც ძალიან დიდი ციფრია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულად მივიჩნევთ თავებს, რომ კიდევ უფრო ეფექტური გახდეს მუშაობა, რა თქმა უნდა, წითელ ჯვართან ერთად, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ პროცესში. მინდა, საერთაშორისო ორგანიზაციას მადლობა გადავუხადო ამ პროცესის წარმატებით წარმართვისთვის. მინდა, ამ მექანიზმების ყველა მონაწილეს მადლობა გადავუხადო, ვინაიდან მათთან თანამშრომლობის გარეშე, ამ სფეროში არაფერი გამოვა“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, კომისიის მთავარი ამოცანა იქნება, რომ შეძლოს ძალიან ინტენსიურად და მაქსიმალურად კოორდინირებულად პროცესის წარმართვა.

„მოვუწოდებთ ყველა პირს, რომელსაც აქვს რაიმე სახის ინფორმაცია შეირაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვალოდ დაკარგულთა ადგილსამყოფელის შესახებ ან თავად ჰყავს ასეთი ოჯახის წევრი და ჯერ არ განუცხადებიათ, მიმართონ კომისიას. ეს არის პროცესი, რომელიც ემსახურება დაკარგული პირების ბედის დადგენას“, – განაცხადა ციხელაშვილმა.