მთავრობის დადგენილებით, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციის ვალდებულება სრულად მოიხსნა
მთავრობის დადგენილებით, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციის ვალდებულება ყველა კატეგორიის ადამიანისთვის გაუქმდა.
დღემდე მოქმედი რეგულაციით, არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული მოქალაქეები, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში, 8-დღიან იზოლაციაში უნდა გადასულიყვნენ, რომლის დასრულების შემდეგ, მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში ნიღაბი უნდა ეტარებინათ.
აღნიშნული წესი ვრცელდებოდა კოვიდინფიცირებულის კონტაქტებზე, რომლებიც შემდეგ კატეგორიაში შედიან: არავაქცინირებული პირები; არასრულად ვაქცინირების შემთხვევაში; პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 1-14 დღის განმავლობაში; პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობისა და ბუსტერ-დოზის არმქონე პირების შემთხვევაში; კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის შემდგომ პერიოდში.
დანარჩენი მოქალაქეებისთვის კი, COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტის შემთხვევაში, იზოლაცია მოხსნილია, თუმცა მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში ნიღბის ტარების რეკომენდაცია ეძლევათ.
„COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას. ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში – მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საცხოვრისში, თავის არიდება ისეთი ადგილებისგან, სადაც ნიღბის გამოყენება შეუძლებელია (მაგალითად, საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებში და ა.შ.)“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში, რომელიც 27 სექტემბრით თარიღდება.