მთავრობის ანგარიშის მიხედვით, 22 მაისამდე ქვეყანაში მოძიებულია 3 500-მდე კონტაქტი, იდენტიფიცირებულია დაახლოებით 15 კლასტერი
კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 მაისის მდგომარეობით, 3 500-მდე კონტაქტის მოძიება განხორციელდა.
მათივე ცნობით, კონტაქტების მიდევნების მიზნით, ხდებოდა მათი თვითიზოლაცია ან სპეციალურ საკარანტინო სივრცეში გადაყვანა და შემდგომი დაკვირვება.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია, თუ ვინ განიხილება, როგორც შესაძლო შემთხვევა და რა პრევენციული ღონისძიებები ტარდება.
„კონტაქტების დადგენის პროცესი ეფუძნება იმ პირთა გამოვლენას, რომელთაც ჰქონდათ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების კონტაქტების დადგენის ჯგუფში შედიან გადამდები დაავადებებისა და ეპიდემიოლოგიის სფეროს სპეციალისტები.
ჯგუფის მიზანია პაციენტის „კონტაქტების ისტორიის რუკის“ შედგენა კორონავირუსის დიაგნოზის დასმიდან 24 საათის განმავლობაში და ყველა იმ ადამიანის მოძიება, ვინც ითვლება დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულ პირად.
კონტაქტები, რომლებსაც აღენიშნებათ კორონავირუსის სიმპტომები, განიხილებიან როგორც შესაძლო შემთხვევები, რომლებიც გადაჰყავთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ უტარდებათ დიაგნოსტირება კორონავირუსზე.
კონტაქტებს, რომლებსაც არ უვლინდებათ სიმპტომები ეძლევათ არჩევანი: დადასტურებულ შემთხვევასთან ბოლო კონტაქტიდან 14 დღის განმავლობაში დარჩნენ თვითიზოლაციაში შინ (თუ დაცულია იზოლაციისთვის მოთხოვნილი წესები) ან გადაყვანილი იქნენ საკარანტინო დაწესებულებაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ.
პირის მიმართ იზოლაციის გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. 36 დადასტურებული შემთხვევების ეპიდკვლევით მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ იქნა 3 500-მდე კონტაქტის მოძიება“,- ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, 22 მაისამდე სულ იდენტიფიცირებული იყო, დაახლოებით, 15 კლასტერი.
„შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა ერთ კლასტერში იყო 40. შემთხვევების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, გამოიყოფა თეთრიწყაროს, ბოლნისის და ქობულეთის კლასტერები“,- ნათქვამია ანგარიშში, სადაც განმარტებულია, რომ საქართველოში 2020 წლის 16 აპრილიდან ხელმისაწვდომია აპლიკაცია, რომელიც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენისა და ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიმართულებით.
„აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, გაიგონ, იმყოფებოდნენ თუ არა კონტაქტში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ პირთან“,- აღნიშნულია მთავრობის ანგარიშში.