მთავრობის ანგარიში - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან საქართველო მტკიცედ განაგრძობდა უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან საქართველო მტკიცედ განაგრძობდა უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის გასული წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ უკრაინისადმი სოლიდარობა საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებითაც გამოხატა რეზოლუციების თანაავტორობის, თანასპონსორობის თუ განცხადებებზე მიერთების გზით.
„ომის დაწყების დღიდან საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს. საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის საქართველოში მყოფ 26000-ზე მეტ უკრაინელს სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. 2022 წელს საქართველოს მიერ გაწეულმა დახმარებამ დაახლოებით 38 მილიონი ლარი შეადგინა. ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის განხორციელდა საქართველოში დასვენება-რეაბილიტაციის ხუთი პროექტი. საქართველო მიუერთდა ყირიმის პლატფორმის ფარგლებში მიღებულ ყველა ერთობლივ განცხადებას, ისევე როგორც „ბუჩის დეკლარაციას““, – ნათქვამია ანგარიშში.