მთავრობის ანგარიში - „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, 2018 წლიდან 41%-ით შემცირდა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, 2018 წლიდან 41%-ით შემცირდა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის გასული წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მასშტაბით შრომით ნორმებზე ზედამხედველობისას 1933 ობიექტზე 3755 ინსპექტირება განხორციელდა. განხორციელებულმა ინსპექტირებებმა კი დასაქმებულ პირთა 13,7% (176 000-ამდე დასაქმებული პირი) მოიცვა.
მთავრობის ცნობით, 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს განხორციელებული ინსპექტირებები გაიზარდა 144%-ით, ხოლო შემოწმებული სამუშაო ადგილების რაოდენობა კი − 132%-ით. რაც შეეხება 2023 წლის პირველ კვარტალში განხორციელებულ აქტივობებს, მთავრობის ინფორმაციით, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომით ნორმებზე ზედამხედველობისას სულ 814 ინსპექტირება განხორციელდა.