მთავრობის ადმინისტრაციისა და ჩეხეთის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით, სოციალური კეთილდღეობის თემატური საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობითა და ორგანიზებით, სოციალური კეთილდღეობის თემაზე, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დისკუსია ემსახურებოდა სახელმწიფო პრიორიტეტებისა და დონორული დახმარების თანხვედრას სფეროს ეფექტური განვითარებისთვის, კერძოდ, სფეროში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებასა და მათი გადაწყვეტის გზების პოვნას დონორთა შესაბამისი ჩართულობის გაზრდით.
„შეხვედრის ფარგლებში მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ჯანმრთელობისა და სოციალური სისტემის გაძლიერების საკითხებზე, რაც განსაკუთრებულად მნიშნველოვანია მიმდინარე პანდემიის ფონზე. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა შეფასებით, მსგავსი ტიპის დიალოგი მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სამომავლო დახმარების დაგეგმვის თვალსაზრისით“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელშიც მთავრობის ადმინისტრაციიდან მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი სახოკია, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი სალომე გაგუა და პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ანა კვერნაძე, წარადგინეს ქვეყანაში დონორული დახმარების კოორდინაციის განახლებული მექანიზმები, რომელთა მიზანია საგარეო დახმარების უფრო ეფექტურად მართვა.
შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჩეხეთის საელჩოს დიპლომატი, განვითარების თანამშრომლობის უფროსი იან ჩერნიკი. შეხვედრაში დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
„მთავრობის ადმინისტრაცია ყოველწლიურად მართავს ექვს თემატურ საკოორდინაციო შეხვედრას, რომლებიც ემყარება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კლასიფიკაციას – დემოკრატიული მმართველობა, ეკონომიკური ზრდა, ადამიანური კაპიტალის განვითარება, სოციალური კეთილდღეობა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.