მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე ერთი პირის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე ერთი პირის ფიზიკური შერაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-მუხლის 1-ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
„17 მაისს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, 2003 წელს დაბადებულმა ს. კ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციაზე სიტყვით გამომსვლელ პირს – 1996 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.
ს.კ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს.
გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ახალგაზრდა მივიდა და სიტყვით გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა.
აქციის დაშავებულ გამომსვლელს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.