მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე ერთი პირის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

22:49, 17.05.2018

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე ერთი პირის ფიზიკური შერაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-მუხლის 1-ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

„17 მაისს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, 2003 წელს დაბადებულმა ს. კ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციაზე სიტყვით გამომსვლელ პირს – 1996 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.
ს.კ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს.
გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ახალგაზრდა მივიდა და სიტყვით გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა.

აქციის დაშავებულ გამომსვლელს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

 

მსგავსი