მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომაზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებაზე მოწვეულები იყვნენ კანდიდატები, რომელთა მიერ წარმოდგენილი განცხადებები/დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა კანონით და დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
„გასაუბრებაზე მოწვეული იყო რვა კანდიდატი: ზურაბ აზნაურაშვილი; დავით ახალაური; ალექსანდრე კობაიძე; რაჟდენ კუპრაშვილი; ელგუჯა მაკალათია; ბადრი ნიაური; მალხაზ რაშოიანი; ვაჟა ჯანყარაშვილი.
„„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 2016 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 6 თებერვალს, სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება სამი კანდიდატი: ზურაბ აზნაურაშვილი; რაჟდენ კუპრაშვილი; ელგუჯა მაკალათია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მისთვის საკონკურსო კომისიის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში ამ კანდიდატთაგან ერთ-ერთს ნიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე ან მოტივირებულ უარს აცხადებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე აღნიშნულ კანდიდატთაგან რომელიმეს დანიშვნაზე, რისთვისაც იგი სათანადო ბრძანებას გამოსცემს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 22 დეკემბრის №289 და 2022 წლის 30 დეკემბრის №304 ბრძანებებით შექმნილი სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებითა და „სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საკონკურსო კომისიის 2023 წლის 10 იანვრის დებულების შესაბამისად, სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.