მთავრობის ადმინისტრაცია - პრემიერმა სინანული გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედს იტოვებს, რომ ეს განცხადება არ დააზიანებს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკას
ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან დაკავშირებით, რომელიც მან ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ამავდროულად, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას, ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას.
„პრემიერის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციის დარღვევით და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, ცალკეულ აქტივობებს ახორციელებს და საკუთარ შეფასებებს აკეთებს საერთაშორისო საკითხებზე, რომლებიც თანხვედრაში არ არის ქვეყნის მთავრობის პოზიციასთან, რის გამოც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს. სწორედ მისი მხრიდან კონსტიტუციური ნორმების საჯარო და უხეში დარღვევა გახდა მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ინიციირების მიზეზი.
პრემიერის განცხადებით, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტი არ ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. საქართველოში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამგვარი მანდატი ქართველი ხალხისგან მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და მისი ლიდერის მიმართ. პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება გავლენას არ მოახდენს, არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის ელჩის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.