მთავრობამ სოფლის მეურნეობის სფეროს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული რამდენიმე პროგრამა დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ დღეს სოფლის მეურნეობის სფეროს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული რამდენიმე პროგრამა დაამტკიცა.
ფერმერების მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.
„პირველი, ეს არის შეღავათი, რომელიც ფერმერებს დაუწესდა სამელიორაციო გადასახადის გათავისუფლების სახით. მათ ჩამოეწერათ როგორც წინა წლების 2020 წლამდე არსებული დავალიანება, ასევე მიმდინარე წლის, 10 ჰექტრამდე მეურნებობებისთვის ირიგაციისა და დრენაჟის საფასური. მეორე, აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაა. ეს არის მთავრობის ახალი დადგენილება, ახალი საგრანტო პროექტი, რომელიც მცირე და საშუალო ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია, ეს პროექტი მომავალ წლებშიც იარსებებს, რათა გაძლიერდეს ფერმერების შესაძლებლობები, ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ტექნიკაზე. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მათ კონკურენტუნარიანობასთან, რათა თავიანთი მეურნეობების მოდერნიზება და გაფართოება შეძლონ. პირველი, ეს უკავშირდება მექანიზაციას, რომელიც ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადია, ასევე აუცილებელი, ძირითადი საშუალებაა თანამედროვე ფერმერული მეურნეობების წარმოებისთვის“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრი განმარტავს, რომ საუბარია მცირე მექანიზაციაზე. 100 ცხენის ძალამდე სიმძლავრის მქონე ტრაქტორი, თვითმავალი ტექნიკა, ხელის მოტობლოკი ან იმპლემენტი, რომელიც აუცილებელია ნებისმიერ მეურნეობაში.
„აქ ჩვენი თანადაფინანსება არის 50-პროცენტიანი და მაქსიმუმი გრანტი ფერმერებისთვის შეიძლება იყოს 50 000 ლარი. ასევე, ეს არის მცირე სასათბურე მეურნეობების შექმნისთვის საგრანტო თანადაფინანსება. პირობები იგივეა – 50 პროცენტი და 50 000 ლარამდე თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს კომპონენტი ითვალისწინებს არა მხოლოდ სტარტაპებს და ახალ მეურნეობებს, არამედ არსებული სასათბურე მეურნეობების მოდერნიზებას, განახლებას, ხშირ შემთხვევაში გაფართოებას, და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – აცხადებს დავითაშვილი.
ამასთან, მინისტრის თქმით, მესამე კომპონენტი უკავშირდება ერთწლიანი კულტურების თანამედროვე სარწყავი სისტემებით აღჭურვას – თანადაფინანსება 50 პროცენტი და გრანტი, არაუმეტეს 50 000 ლარისა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ფერმერებს მივეცით საშუალება ფაქტობრივად უფასო საბრუნავი საშუალებებით ისარგებლონ. ასევე სახელმწიფო აძლევს საშუალებას, ისარგებლონ მნიშვნელოვანი პირდაპირი დახმარებით, რომელიც უკავშირდება წარმოების საშუალებებს, მათ შორის – სათეს მასალას და ყველა იმ აგროქიმიკატს, რომელიც სჭირდება წარმოებაში, ანუ სასუქებს. ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ასევე ძირითად საშუალებებზე წვდომა, რაც საგრანტო დახმარებით უმარტივებს პირობებს ჩვენს ფერმერებს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე პირობებში მათ შეძლონ ერთწლიანი როგორც ბოსტნეული, ისე მარცვლოვანი კულტურების წარმოება“, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.
ამასთან, მისი თქმით, მხარდამჭერი პროგრამა კოოპერატივებისთვის დამატებით შეღავათსაც ითვალისწინებს. კოოპერატივებს შეუძლიათ მიიღონ არა უმეტეს 500 000 ლარამდე გრანტი.