მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გამო საპრივატიზაციო ქონების პირობების შეცვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი მოამზადა
მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გამო საპრივატიზაციო ქონების პირობების შეცვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი მოამზადა

საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის მიზეზით საპრივატიზაციო ქონების პირობების შეცვლასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა.

კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საგანგებო მდგომარეობის მიზეზით, გართულდება ან შეუძლებელი გახდება სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულება, შესაბამისი კონტრაჰენტის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებას ქონების მმართველის წარდგინებით, საქართველოს მთავრობა მიიღებს.

მთავრობა განმარტავს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილმა შეზღუდვებმა აჩვენა, რომ პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, გარკვეულ შემთხევებში აძნელებს/შეუძლებელს ხდის სახელმწიფო ქონების შემძენთა/სარგებლობის უფლებით/მართვის უფლებით მიმღებ პირთა მიერ ხელშკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, რაც არ არის დამოკიდებული მათ ბრალეულ ქმედებაზე და უკავშირდება ისეთ გარემოებებს, რომლებიც მათი კონტროლის ფარგლებში არ ექცევა.

„მაგალითისათვის, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლის მიერ საიჯარო ქირის დროულად გადახდა დამოკიდებულია სარგებლობის უფლებით მიღებული ობიექტის ფუნქციონირების შესაძლებლობასა და ამ ფუნქციონირებით გენერირებულ შემოსავალზე. სახელმწიფო ქონების შემძენთა/მოსარგებლეთა ნაწილს ვალდებულების შესრულების პრობლემა შეექმნათ არაერთი მიზეზით – შესაბამისი სარგებლობის უფლებით მიღებული ობიექტის ფუნქციონირების შეჩერება მოხდა, ასევე მშენებლობის პროცესში გამოყენებულ მასალებთან წვდომის შეზღუდვა, წარმოების პროცესში ნედლეულის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება დაწესებული შეზღუდვების გამო და სხვა“, – განმარტავს მთავრობა.