მთავრობამ პარლამენტს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მიმდინარე კვირაში უნდა წარუდგინოს
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს მიმდინარე კვირაში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა წარუდგინოს. რეგლამენტის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტის პროექტი პირველ ოქტომბრამდე წარედგინება.
ბიუჯეტის პროექტს თან დართული უნდა ჰქონდეს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება.
მას შემდეგ, რაც მთავრობა ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს წარუდგენს, დოკუმენტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმატში მოხდება, დეპუტატების მიერ გამოთქმული შენიშვნები კი მთავრობას გადაეგზავნება.
რეგლამენტის შესაბამისად, გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე, დოკუმენტის განხილვა და გადამუშავება რამდენჯერმე ხდება, საბოლოოდ მისი დამტკიცება კი დეკემბრის მესამე პარასკევამდე, საშემოდგომო სესიის დახურვამდე უნდა მოხდეს.