მთავრობამ ფერმერთა დახმარების ახალი პროგრამა დაამტკიცა
მთავრობამ ფერმერთა დახმარების ახალი პროგრამა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ფერმერთა დახმარების ახალი პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ფერმერებისთვის მექანიზაციის თანადაფინანსებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი რეგიონებში, ფერმერებთან შეხვედრაზე განიხილეს და გამოიკვეთა, რომ ეს მნიშვნელოვანი საჭიროება იყო.

„მათ მეტი წვდომა სჭირდებათ მექანიზაციაზე, რადგან ფერმერებს თავად ჰქონდეთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. 2018 წელს მთავრობამ დაიწყო მექანიზაციის დაფინანსება აგროკრედიტის ფარგლებში, მაგრამ ვხედავთ, რომ ტექნიკაზე წვდომის უზრუნველსაყოფად საჭიროა, მათ შორის საგრანტო თანადაფინანსება. ახალი პროგრამის ფარგლებში, 50 პროცენტი გრანტით განხორციელდება სასოფლო სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება. მაქსიმალური ლიმიტი 150 ათასი ლარია. ეს იქნება მაქსიმალური გრანტი, რომელსაც ფერმერი მიიღებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, ფერმერები, რომლებსაც პროგრამაში მონაწილეობა სურთ, ფერმერთა რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ.

პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.