მთავრობა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე მაქსიმუმ 261 000 ევროს დახარჯავს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირებისთვის, ჯამურად მაქსიმუმ 261 000 ევრო (ეკვივალენტი ლარში) დაიხარჯება. ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. მთავრობის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა პრემიერ-მინისტრმა.
„სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება, ჯამურად არაუმეტეს 261 000 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების პროგრამული კოდის: 24 25 – „ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება“ ფარგლებში. აღნიშნული ნაწილობრივი სუბსიდირების თანხის ოდენობა მცირდება შესაბამისი ავიაკომპანიის მიერ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ჯამის ოდენობით” – წერია განკარგულებაში.
შეგახსენებთ, რომ ივლისში სპეცრეისებს ავიაკომპანიები – „ვიზეარი“ და „მაივეი ეარლაინსი“ შეასრულებენ.
მიმდინარე თვეში სულ ხუთი ასეთი რეისია ჩანიშნული: 13 ივლისი – ვარშავა; 15 ივლისი – ბარსელონა; 17 ივლისი – რომი; 22 ივლისი – პარიზი; 28 ივლისი – ათენი. თუმცა, როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, სპეცრეისები მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.
ე.წ სოციალურ რეისებზე მგზავრობის საფასური არ აღემატება 200 ევროს.