მთავრობა ტურიზმის სექტორისთვის დახმარების პაკეტს ამზადებს
მთავრობა ტურიზმის სექტორისთვის დახმარების პაკეტს ამზადებს

რამდენიმე სექტორი განსაკუთრებით დაზარალდა და სტანდარტული დახმარების პაკეტით იქ ვერანაირად მივაღწევთ სასურველ შედეგს,  აუცილებლად არასტანდარტულ გამოსავალზე უნდა ვიფიქროთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხზე, „მოამბეში“განაცხადა

მისი შეფასებით, ასეთი არის ტურიზმის სექტორი, ასევე სოფლის მეურნეობა, რომელსაც მინისტრის თქმით, ძალიან გაუჭირდება ამ ვითარებაში, რადგან ეს სექტორი მიბმული იყო სარესტორნო სფეროზე და ტურიზმზე.

„როგორც კი დაიწყო პრობლემები, მყისიერად დავიწყეთ რეაგირება და ტურიზმის სექტორი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელსაც ჩვენ შევხვდით, გავიარეთ პრობლემები და დავეხმარეთ. ოთხი თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გადავადება სწორედ ტურიზმის ინდუსტრიას და მასთან დაკავშირებულ სექტორებს შეეხო. ასევე შემოვიტანეთ პროგრამა, რომლითაც 50 ნომრამდე მოცულობის სასტუმროების საბანკო სესხის 80 პროცენტი გვქონდა სუბსიდირებული და ეს პროგრამა გრძელდება, მაგრამ როგორც პრემიერმა განაცხადა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რადგან  არის სექტორები, რომლებიც ასე თუ ისე გააგრძელებენ ფუნქციონირებას და მალე დაუბრუნდებიან კრიზისამდელ მდგომარეობას; არის სექტორები, რომლებიც თუნდაც ამ კრიზისის ბუნებიდან გამომდინარე, რათა ეს იწვევს ქვეყნებს შორის დისტანცირებას, ადამიანებს შორის დისტანცირებას, უფრო მძიმე ვითარებაში იქნებიან, უფრო ხანგრძლივი დროით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, შესაბამისად, ტურიზმის სფეროსთვის ცალკე დახმარების პაკეტი მზადდება.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ტურიზმისთვის ცალკე დახმარების პაკეტს ვამზადებთ, ცალკე ღონისძიებებს, ეს ნაწილობრივ იქნება პოსტკრიზისული გეგმის შემადგენელი ნაწილი და ამაზე ძალიან მალე ვისაუბრებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.