მთავრობა სრულ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას დაახლოებით ორ კვირაში წარადგენს
მთავრობა სრულ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას დაახლოებით ორ კვირაში წარადგენს

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ გადავდივართ პოსტკრიზისული ეკონომიკის მართვის ეტაპზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

მისი თქმით, განსაკუთრებით ყურადღება მიექცევა სექტორალურ მიმართულებებს, რომელთაგან პირველი არის ტურიზმი.

სექტორალური თვალსაზრისით პირველი იქნება ტურიზმი, შემდგომ სოფლის მეურნეობა და ფერმერების მხარდაჭერა, შემდგომ დეველოპმენტის, მშენებლობისა და სამშენებლო კომპანიების მხარდაჭერა და შემდეგ იქნება განათლება“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, აღნიშნული გეგმა მომდევნო კვირის ბოლომდე დასრულდება, დაახლოებით ორ კვირაში კი, სრული პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა იქნება წარდგენილი.

„რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით სექტორალურ, პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, უკვე სრულს, რომელზეც ვმუშაობთ საერთაშორისო დონორებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ასევე მსოფლიოში ცნობილი, კონკრეტული ეკონომისტების მხარდაჭერით. ამ გეგმას წარმოვადგენთ დაახლოებით ორ კვირაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.