მთავრობა გზების მშენებელ იტალიურ კომპანია „ტოდინისთან“ საარბიტრაჟო დავას იწყებს
საქართველოს მთავრობა გზების მშენებელ იტალიურ კომპანია „ტოდინისთან“ საარბიტრაჟო დავას იწყებს. ამ მიზნით უკვე გამოიცა მთავრობის განკარგულება.
დოკუმენტის მიხედვით, დავის მიზანი საქართველოს გზების დეპარტამენტსა და კომპანია „Todini Construzioni Generali“-ს შორის 2017 წლის 27 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა.
სახელმწიფო ინტერესების დაცვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა, რომელმაც საერთაშორისო იურიდიული კომპანია უნდა შეარჩიოს და მასთან იურიდიული მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს.
კომპანია „ტოდინი“ სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთისა და ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთზე არგვეთას სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას ახორციელებდა. შარშან გზების დეპარტამენტმა კომპანია გააფრთხილა, რადგან სამუშაო ჩამორჩენით მიმდინარეობდა.