მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოში პაატა ბურჭულაძის მეუღლე ხვალ გამოიკითხება
მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოში პაატა ბურჭულაძის მეუღლე ხვალ გამოიკითხება.
ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლის გამოკითხვის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს დღეს მიმართა.
ბურჭულაძის მეუღლემ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი საგამოძიებო ორგანოდან უწყების მიღებისას განაცხადა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა. ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 17:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო.
საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანა“-ს დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.
მიმდინარე გამოძების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის პირველ მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა და ამის მიზეზად მისი საზღვარგარეთ ყოფნა დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ ფონდ „იავნანას“ შემოწირულობების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიით გავრცელდა და ცნობილი გახდა, რომ ფონდიდან პაატა ბურჭულაძის მეუღლის ხელფასის, სასტუმროების დაქირავებისა და ავიაბილეთებისთვის რამდენიმე ასეული ათასი ლარი იხარჯებოდა.