მსვლელობის „სოლიდარობა ტყიბულს” მონაწილეები დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომას ითხოვენ
„სოლიდარობა ტყიბულს” ამ სლოგანით, ექვსი დაღუპული მეშახტის პატივსაცემად უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე მსვლელობა იწყება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის „აუდიტორია 115”-ის წევრ ლევან ლორთქიფანიძის განმარტებით, ისინი მომხდარის გამო ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომასა და ტყიბულის განვითარების ალტერნატიული გეგმის შემუშავებას ითხოვენ.
„ჩვენ ორი მოთხოვნა გვაქვს. პირველი, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკა შეიცვალოს და ამის სიმბოლო ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომა იყოს. მეორე მოთხოვნაა, სახელმწიფომ რაღაც სტრატეგია ტყიბულის განვითარების ალტერნატიული გეგმა შეიმუშაოს, რომ მთელი ეს დასაქმება ერთ საწარმოზე დამოკიდებული არ იყოს“, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, პარლამენტში ეკონომიკის სფეროში ყველა პროგრესულ კანონს დიმიტრი ქუმსიშვილი აფერხებს და ეკონომიკური პოლიტიკა ადამიანის ნაცვლად ინვესტიციებზეა მორგებული.
„ნებისმიერი რეგულაციის დაწესებას ეკონომიკის სამინისტრო და პირადად ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეწინააღმდეგება. პარლამენტში ყველა პროგრესულ კანონს ეს ადამიანი აფერხებს. შესაბამისად ექვსი მეშახტის გარდაცვალებაზე მთელმა მთავრობამ თუ არა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მაინც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა“, – აცხადებს ლორთქიფანიძე.
ექვსი დაღუპული მეშახტის პატივსაცემად მსვლელობა რამდენიმე წუთში დაიწყება.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო საქართველოში დღეს გლოვის დღეა.