მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებმა 202 მილიონს გადააჭარბა, 4 მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი კი დაიღუპა
მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებმა 202 მილიონს გადააჭარბა, 4 მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი კი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ, დღემდე, 4 მილიარდ 300 მილიონზე მეტი ვაქცინის დოზაა რეგისტრირებული.
9 აგვისტოდან საფრანგეთში ე.წ. ჯანმრთელობის საშვის მოქმედება ფართოვდება, რაც ნიშნავს, რომ ყველას, ვისაც სურს ისადილოს რესტორანში ან დალიოს ბარში, თუნდაც გარე ტერასაზე, საშვი დასჭირდება, ისევე როგორც მგზავრებს, რომლებიც შორ მანძილზე მიემგზავრებიან მატარებლით ან ავტობუსით ან ეწვევიან მოხუცთა თავშესაფრებს და საავადმყოფოებს. მანამდე, საბუთის წარდგენა კინოთეატრებში, მუზეუმებში და დიდ საზოგადოებრივ ღონისძიებებზე იყო აუცილებელი. ჯანმრთელობის საშვი ადასტურებს, რომ ადამიანი ორჯერ აცრილია, კოვიდის ტესტზე უარყოფითი პასუხი აქვს ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებულია.
ე.წ. ჯანმრთელობის საშვი ასევე მოქმედებს იტალიაში, რამაც ორივე ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. კოვიდ-პასპორტის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ რეგულაცია მათ სამოქალაქო თავისუფლებებს არღვევს. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კი ამტკიცებს, რომ საშვი მათ თავისუფლებებს იცავს. იტალიაში აქციები გაიმართა მილანში, რომში და ნეაპოლში. იტალიაში 12 წელს ზემოთ ასაკის მქონე მოსახლეობის 63 პროცენტი სრულად არის აცრილი.
„კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული ზრდაა იაპონიაში, სადაც ინფექცია 15 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. იაპონიის პრემიერ-მინისტრის, იოშიჰიდე სუგას განცხადებით, მაყურებელთან ერთად პარაოლიმპიური თამაშების ჩატარების გადაწყვეტილება ხუთპარტიულ შეხვედრაზე განიხილება, რომელიც ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ჩატარდება.
პანდემიის დაწყების შემდეგ ინფიცირების და მსხვერპლის რეკორდული ზრდაა ირანში, სადაც „კოვიდ-19“ 39 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 542 ადამიანი კი დაიღუპა. ქვეყანაში რეკორდულად არის გაზრდილი კრიტიკული პაციენტების რაოდენობაც. ირანის ხელისუფლება ქვეყნის სრული ჩაკეტვის შესაძლებლობას განიხილავს. ირანის 80 მილიონი მოქალაქიდან, სრულად მხოლოდ მოსახლეობის 3.3 პროცენტი არის აცრილი.