მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 56 მილიონს აჭარბებს
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 56 მილიონს აჭარბებს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 56 მილიონს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

პანდემიას მთელ მსოფლიოში უკვე ემსხვერპლა მილიონ 350 ათასზე მეტი პაციენტი. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ევროპაში, სადაც ბოლო ერთ კვირაში ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გლობალურად გამოვლენილი ინფიცირებულებისა და „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი ევროპის კონტინენტზე მოდის. ყველაზე სწრაფად კორონავირუსი ავსტრიაში ვრცელდება, სადაც გასულ კვირასთან შედარებით დაავადებულთა რიცხვი 30 პროცენტით მეტია. ყველაზე ბევრი გარდაცვლილი კი ბელგიაში აღრიცხეს. კერძოდ ყოველ 100 ათას მოსახლეზე 129 დაღუპული.

მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით ესპანეთია, სადაც ყოველ 100 ათას მოსახლეზე 89 გარდაცვლილია. „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც ვირუსის შედეგად 250 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთში ბოლო 24 საათში ვირუსი 1 520 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 31 ადამიანი.

რუსეთში ბოლო დღე – ღამეში დაიღუპა 463 ადამიანი, ხოლო ვირუსი 23 610 ადამიანს დაუდგინდა.

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა.