მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 39 მილიონს მიაღწია. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გლობალურად მილიონ 100 ათას ცდება, განიკურნა 29 მილიონი ადამიანი. ყველაზე რთული ვითარება კვლავ აშშ-შია, სადაც ბოლო 24 საათში 62 000-ზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა. ეს აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რეკორდული 30 000-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს საფრანგეთშიც, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების გამო რვა ქალაქში და მათ შორის პარიზშიც ღამით კომენდანტის საათი იმოქმედებს. შეზღუდვების გამკაცრებას აპირებენ ესპანეთშიც, სადაც ბოლო დღე-ღამეში 13 000-ზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა.
შემთხვევების რეკორდული მატებაა გერმანიაშიც, სადაც ბოლო 24 საათში 7000-ზე მეტი ინფიცირებული აღრიცხეს. თურქეთში ბოლო დღე-ღამეში 1600-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 66 ადამიანი. აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში 500-ზე მეტი ინფიცირებული აღრიცხეს, სამი ადამიანი გარდაიცვალა. რთული რჩება ვითარება სომხეთში, სადაც ბოლო დღე-ღამეში ვირუსის 1000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ახალი მონაცემები კი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.