მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 763 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 12,2 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ამრიგად პანდემიის დაწყებიდან დღემდე გლობალური მასშტაბით „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულია 148 მილიონზე მეტი ადამიანი. მათგან 3,12 მილიონი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში აღრიცხული შემთხვევების ნახევარზე მეტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონზე მოდის, რომელშიც შედის ინდოეთი, მეორე ადგილზეა ევროპა, მესამეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა.
ყველაზე რთული ვითარება ამჟამად ინდოეთშია, სადაც „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა, თუმცა ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.
ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზე კვლავაც აშშ-ია, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე 32 მილიონამდე ინფიცირებული გამოვლინდა. მეორე ადგილზეა ინდოეთი, ხოლო მესამეა ბრაზილია.