მსოფლიოს ყველაზე დიდმა აქტიურმა ვულკანმა 38-წლიანი მიძინების შემდეგ ამოფრქვევა დაიწყო — #1tvმეცნიერება
პირველად ათწლეულების შემდეგ, მსოფლიოს უდიდესი აქტიური ვულკანი, ჰავაიზე არსებული მაუნა-ლოა ამოიფრქვა და ცა წითლად შეღება.
აშშ-ის გეოლოგიური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ამოფრქვევა მაუნა-ლოას მწვერვალის კალდერაში დაიწყო.
სააგენტოს განცხადებით, ლავა ვულკანის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს გადმოედინება, ჩრდილო-აღმოსავლეთის რიფტულ ზონაში.
„ლავის ნაკადი საფრთხეს არ უქმნის კალთებს დაბლა არსებულ დასახლებებს და არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ამოფრქვევა სხვა ზონაშიც გადავა, მაგრამ ვულკანური ფერფლი, გაზი და მინის ნამსხვრევები ქარმა შეიძლება ყველგან წაიღოს“, — წერს სააგენტო.
ამ მიზეზით გაუქმდა ათამდე ფრენა. სააგენტო აღნიშნავს, რომ ამ მომენტისათვის სხვა რაიმე საფრთხე მოსალოდნელი არ არის.
„წარსულის მოვლენებზე დაყრდნობით, მაუნა-ლოას ამოფრქვევის ადრეული ეტაპები შეიძლება ძლიერ დინამიკური იყოს, ადგილები და ლავის სვლა სწრაფად შეიცვალოს. თუკი ამოფრქვევა მოკუ-ავეოვეოს (მწვერვალის კალდერა) არ გასცდება, ლავის ნაკადი დიდი ალბათობით კალდერის კედლებს არ გასცდება. თუმცა, თუ ამოფრქვევის ხვრელები მის კედლებში გააღწევს, ლავის ნაკადები შეიძლება სწრაფად დაიძრას კალთებზე“, — წერს სააგენტო.
ჰავაის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, დასახლებულ ზონებს რაიმე სასწრაფო საფრთხე არ ემუქრება.
მაუნა-ლოა ჰავაის კუნძულების ყველაზე სამხრეთ კუნძულის, ჰავაის ნახევარ ტერიტორიას მოიცავს და წყნარი ოკეანიდან 4 145 მეტრზეა ამომართული.
წყალქვეშა ფუძის ჩათვლით, ოკეანის ფსკერიდან მისი სიმაღლე 9 144 მეტრია და ამ მხრივ ის ევერესტზე მაღალია.
1843 წლის შემდეგ, როდესაც დეტალურად პირველად აღწერეს მისი ამოფრქვევა, მაუნა-ლოა 33-ჯერ ამოიფრქვა.
ბოლო ამოფრქვევა 1984 წელს მოხდა. ამოფრქვევა მაშინ ვულკანის მწვერვალზე კვირების განმავლობაში მიმდინარე ხშირ მიწისძვრებს მოჰყვა, რამაც მეცნიერებს და მთავრობას მოსახლეობის ევაკუაციის საშუალება მისცა.
CNN-ის ცნობით, 2022 წლის სექტემბერში ვულკანზე დღეში ასზე მეტი მიწისძვრა ფიქსირდებოდა.
ვულკანის ამოფრქვევა ატმოსფეროში უშვებს დიდი ოდენობით გაზსა და ნაწილაკებს, მათ შორის ფერფლს, გოგირდის დიოქსიდსა და ნახშირორჟანგს.
ნახშირორჟანგი სათბურის აირია, რომელიც პლანეტას ათბობს და წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილებაში. თუმცა, დათბობაში ვულკანებზე გაცილებით დიდი წვლილი შეაქვს ნახშირორჟანგის ადამიანურ წყაროებს, მაგალითად, წიაღისეული საწვავის წვას.
ფერფლმა და გოგირდის დიოქსიდმა პლანეტის კლიმატზე ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს დროებითი გაციების ეფექტი.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.