მსოფლიოს უღრმესი მტკნარწყლიანი მღვიმე გაცილებით უფრო ღრმა აღმოჩნდა — #1tvმეცნიერება
რამდენიმე წლის წინ, ჩეხეთში, მტკნარწყლიან მღვიმეთა სისტემაში დისტანციურად მართვადი მოწყობილობა ჩაუშვეს. ოპერაცია მოულოდნელი სცენარით განვითარდა.
აღმოჩნდა, რომ მოწყობილობას მღვიმის ბოლოში გასასვლელად კაბელი არ ეყო.
როგორც ზედაპირიდან ჩატარებული ახალი ანალიზები მიუთითებს, ამ საოცრად ღრმა წყალქვეშა გამოქვაბულის ფსკერამდე მისაღწევად ორჯერ გრძელი კაბელია საჭირო.
ჩეხეთის ამ ეროვნულ საგანძურს ჰრანიცეს უფსკრული ჰქვია; უახლესი გეოფიზიკური კვლევების გამოყენებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღარის მსგავსი მღვიმეების ეს სისტემა დაახლოებით ერთი კილომეტრის სიღრმეზე ვრცელდება.
აღმოჩენა ეფუძნება მრავალი სხვადასხვა ტიპის გეოფიზიკურ მონაცემებს, მათ შორის, გრავიტემრით ჩატარებულ გაზომვებს და დედამიწის ზედაპირქვეშ ელექტროგამტარობისა და ბუნებრივი გეომაგნიტური ველების შემოწმებას.
ამ ყველაფრის ერთობლიობით, მეცნიერებს შეუძლიათ დაადგინონ ზედაპირქვეშ არსებული ქანების, მინერალების, გამოქვაბულებისა და ხეობების ზოგადი ადგილმდებარეობა.
მართალია, ეს რუკაზე დატანის უბადლო ხელსაწყო არ არის, მაგრამ მიუთითებს, რომ ჰრანიცეს უფსკრული იმაზე ღრმად არის გავრცობილი, ვიდრე ამას სხვა შეფასებები მიუთითებდა, თუნდაც ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ასახული ძველი რუკა.
ასეთი შედეგი სვამს კითხვას მღვიმის წარმოშობის შესახებაც.
მსოფლიოს უღრმეს წყლოვან მღვიმეთა სისტემების პირდაპირ შესწავლა წარმოუდგენლად რთული და სახიფათოა. შესაძლებლობები შეზღუდულია დისტანციურად მართვადი მოწყობილობებითაც კი.
კვლევები აჩვენებს, რომ მრავალი ასეთი მღვიმე შეიცავს ზომიერ წყალს ღრმა წყაროსთან დაკავშირებული მჟავური ელემენტებით. მაგალითად, 2019 წელს ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ჰრანიცეს უფსკურლის თერმული წყალი მხოლოდ 5-10 პროცენტ „თანამედროვე წყალს“ შეიცავს.
ამ ფაქტმა ბევრ მეცნიერს აფიქრებინა, რომ მღვიმე დაბლიდან მაღლა წარმოიქმნა, ანუ ჩვენი პლანეტის მჟავურმა შიდა ბირთვმა ნელ-ნელა შეჭამა ზემოთ არსებული კირქვიანი ქანი.
თუმცა, ეს იდეა, რომელსაც ჰიპოგენურ ფორმაციას უწოდებენ, მხედველობაში არ იღებს თითოეული რეგიონის სპეციფიკურ გეოლოგიას ან ტექტონიკურ აქტივობას, არც იმ ფაქტს, რომ მღვიმე შეიძლება მაღლიდან დაბლაც წარმოიქმნას.
ახალი კვლევის ავტორებმა მიაგნეს მტკიცებულებას, რომ ჰრანიცეს უფსკრულის ქვეშ არსებობს მიწისქვეშა სტრუქტურების ფართომასშტაბიანი ქსელი, რომელიც შედგება ხსნადი ქანებისგან, რასაც გეოლოგები კარსტულ სისტემას უწოდებენ.
ამ მიწისქვეშა მღვიმეთა ნაწილი მტკნარი წყლით არის ამოვსებული, ნაწილი დანალექებით, მაგრამ როგორც ახალი შეფასება მიუთითებს, ისინი ეროზიამ წარმოქმნა მაღლიდან დაბლა, ყოველ შემთხვევაში, ასე დაიწყო თავიდან.
ავტორები ფიქრობენ, რომ მიოცენის ეპოქის შუაში წყალი მთებიდან ამ აუზისკენ მოდიოდა, რამაც თანდათან კირქვაში ეროზიის შედეგად მღვიმეები გამოკვეთა. ამ თეორიას მხარს უჭერს ყოფილი სადრენაჟო სისტემაც, რომელიც უფსკრულთან არის დაკავშირებული.
„დანალექების შემდგომმა დეპონირებამ (ზღვის დონის მატების შედეგად) და ამ კანიონის გავსებამ გამოიწვია გამდინარე ნაკადულების დაბლოკვა და მღვიმის სისტემის მტკნარი წყლით ავსება“, — წერენ ავტორები.
ჯგუფის აზრით, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ამოსულიყო მჟავა წყალი დაბლიდან და დედამიწის ღრმა იზოტოპები ზედაპირზე ამოეტანა.
თუ წარმოქმნის ასეთი ამბავი მართებულია, საჭირო გახდება ხელახლა შევაფასოთ სხვა ღრმა, წყლით სავსე მღვიმეები იტალიაში, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში, რომლებიც აქამდე მიიჩნეოდა, რომ დაბლიდან მაღლა მიმართულებით წარმოიქმნა.
გარდა ამისა, ავტორები აღიარებენ, რომ ძალიან შესაძლებელია, მაღლიდან დაბლა მიმართული ეროზია როგორღაც ნიღბავს დაბლიდან მაღლა მიმართულს და ისე ჩანს, თითქოს მღვიმე ზემოდან ქვემოთ იყოს წარმოქმნილი.
კვლევა Journal of Geophysical Research: Earth Surface-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია sciencemag.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.