კოლუმბიელმა ჩოგბურთელმა რობერტ ფარამ დადებითი დოპინგ-ტესტი ჩააბარა. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ აცნობა მოთამაშეს, რომ გასული წლის 17 ოქტომბერს ჩაბარებულ სინჯში აღმოჩნდა აკრძალული პრეპარატი ბოლდენონი. ფარა თავს იმით იმართლებს, რომ დოპინგ-ტესტის გავლამდე ათი დღით ადრე, მან შანხაიში გაიარა შემოწმება და შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა.
ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის მოხვედრის მიზეზად ჩოგბურთელმა დაასახელა კოლუმბიური ხორცი. კოლუმბიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ ადგილობრივ ხორცში მართლაც ხშირად პოულობენ ბოლდენონს. შემთხვევის შესახებ ჩოგბურთელმა თავად დაწერა „ტვიტერში”.
რობერტ ფარა პირველ ადგილზეა ATP-ის წყვილების რეიტინგში. კოლუმბიელს კარიერაში მოგებული აქვს წყვილთა თანრიგის 16 ტურნირი, მათ შორის, უიმბლდონი და აშშ-ის ღია.
შეგახსენებთ, რომ ორი დღით ადრე, დოპინგის მიღებაში გამოიჭირეს მსოფლიოს 78-ე ჩოგანი, ჩილელი ნიკოლას ხარი. ჩილელმა დადებითი დოპინგ-ტესტი ჩააბარა 19 ნოემბერს დევისის თასის მატჩის დროს.