მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოება World Travel Awards 2023 წელს ბათუმში გაიმართება
ტურიზმის ოსკარად წოდებული World Travel Awards-ის დაჯილდოება 2023 წელს ბათუმში გაიმართება. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ და World Travel Awards-ის ვიცე-პრეზიდენტმა, სიონ რაპსონმა ლონდონში მოაწერეს ხელი შეთანხმებას მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ბათუმში გამართვასთან დაკავშირებით.
დაჯილდოების ცერემონიალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
2023 წელს ბათუმში მსოფლიო მასშტაბის ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, სასტუმროები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები დაჯილდოვდებიან.
ბათუმი World Travel Awards-ის გამარჯვებული 2019 წელს გახდა ნომინაციაში – ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულება.