მსოფლიო საპატრიარქომ კიევის პატრიარქისთვის ანათემის მოხსნა ოფიციალურად დაადასტურა
მსოფლიო საპატრიარქომ კიევის პატრიარქისთვის ანათემის მოხსნა ოფიციალურად დაადასტურა

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა. წმინდა სინოდის განჩინება კონსტანტინოპოლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ მედიის წინაშე წაიკითხა.

ამას გარდა, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა  გააუქმა 1686 წლის სინოდალური წერილი, რომლის მიხედვით მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასმის უფლება  ჰქონდა.

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგებლის თქმით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი გრძელდება.

ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში, ფილარეტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტია. მისთვის ანათემის მოხსნა ამისთვის აუცილებელი პირობა იყო.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა სტამბოლში 9 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. სტამბოლში იმყოფებოდნენ კიევში მსოფლიო პატრიარქის მიერ მივლენილი ეგზარქოსები, რომლებიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე სინოდის სხდომაზე ანგარიშით წარდგნენ.