მსოფლიო საავაჭრო ორგანიზაცია ევროკავშირის მიერ Airbus-ის სუბსიდირებას უკანონოდ თვლის
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) გადაწყვეტილებით, ევროკავშირი არ დაემორჩილა მსო-ს განჩინებას ევროპული ავიაგიგანტი Airbus-ისთვის 22 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის სუბსიდირების შეწყვეტის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება საშუალებას აძლევს შეერთებულ შტატებს ევროპულ საქონელზე ახალი ტარიფი დააწესოს.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, მსო-მ კიდევ ერთხელ განიხილა მრავალწლიანი დავა ევროკავშირსა და შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლობას შორის, და იგი შტატების სასარგებლოდ გადაწყვიტა. სარჩელის მიხედვით, შტატები თვლის, რომ ევროკავშირის მიერ Airbus-ისთვის ყოველწლიურად 22 მილიარდი დოლარიანი სუბსიდიის გამოყოფა არაკონკურენტუნარიან მდგომარეობაში აყენებს ამერიკულ ავიაგიაგანტს – Boeing-ს.
შტატების საავაჭრო წარმოამდგენლობის აზრით, Airbus-მა სწორედ ამ დაფინანსების წყალობით გამოიტანა ბაზარზე A380 და A350 ტიპის მოდელები, რითაც Boeing-ს ფინანსური ზარალი მიაყენა.
მსო-ს გადაწყვეტილება შტატებს საშუალებას აძლევს, ევროკავშირს სანქციები დააკისროს, რომლის მოცულობასაც მსო მომდევნო განჩინებით განსაზღვრავს. Boeing-ი ვარაუდობს, რომ მომავალი სანქციების მოცულიბა მსო-ს ისტორიაში ყევლაზე მასშტაბური იქნება და რამდენიმე მილიარდ დოლარზე ავა.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კომპენსაციის მოცულობას მსო 2019 წლისთვის განსაზღვრავს.
მსოფლიოს ავიაინდუსტრიის ორი გიგანტის ინტერესების დასაცავად დავა მათი წარმოშობის ქვეყნებმა მსო-ში 2004 წელს დაიწყეს. 2011 წელს მსო-მ დავა შტატების სასარგებლოდ გადაწყვიტა და ევროკავშირს სუბსიდირების შეწყვეტა დაავალა. თუმცა აშშ-მა მოგვიანებით ისევ იჩივლა, რომ ევროკავშირის წევრი რიგი ქვეყნები, მსო-ს განჩინებას არ ემორჩილებიან.
ბრიუსელი ირწმუნება, რომ ვალდებულების უმეტესი ნაწილი შესრულებული აქვს და შესასრულებელ ნაწილსაც სულ მალე მოაგვარებს. თავის მხრივ, Airbus-ს მსო-ში შეტანილი აქვს საჩივარი, რომლის მიხედვითაც შტატებს Boeing-ის მხარდაჭერაში სდებს ბრალს. ამ საჩივრის განხილვას კომპანია წლის ბოლომდე ელოდება