აშშ-ის სპეციალური პროკურორი - ამ ეტაპზე, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე, ტრამპი ბრალდების სამიზნედ არ განიხილება
აშშ-ის სპეციალური პროკურორი - ამ ეტაპზე, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე, ტრამპი ბრალდების სამიზნედ არ განიხილება

აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა დონალდ ტრამპის ადვოკატებს განუცხადა, რომ რუსეთის ჩარევის საქმეზე გამოძიება გრძელდება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი ამ ეტაპზე ბრალდების სამიზნედ არ განიხილება. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ რობერტ მიულერთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით წერს.

მარტის დასაწყისში მიულერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მისი გამოძიების საკითხი იყო და მის დაკითხვას გეგმავდა. საქმე აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებას ეხება.

მანამდე დონალდ ტრამპის იურისტები მოითხოვენ, რომ პრეზიდენტს მიულერის შეკითხვებზე წერილობით ეპასუხა. როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერდა, ადვოკატები შიშობენ, რომ მიულერთან ხანგრძლივი საუბარი პრეზიდენტს დაუცველს გახდიდა და იყო ალბათობა, რომ ის რაიმე ზედმეტს იტყოდა.

22 მარტს ცნობილი გახდა შეკითხვების ჩამონათვალი, რომელიც რობერტ მიულერმა დონალდ ტრამპისთვის მოამზადა. CNN-ის ინფორმაციით, შეკითხვების სია მაშინვე გადაეცა აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატებს.

რაც შეეხება თავად დონალდ ტრამპს, ის რუსეთის ყოველგვარ ჩარევას გამორიცხავს და მიულერის გამოძიებას „ალქაჯებზე ნადირობას“ უწოდებს.

აღნიშნულ საქმეს რობერტ მიულერი 2017 წლის მაისიდან იძიებს. ამ ეტაპზე, გამოძიების ფარგლებში ბრალდება 19 ადამიანს აქვს წაყენებული.