მსოფლიო კიდევ ერთ მყინვარს ემშვიდობება - რიგში კიდევ ბევრი მყინვარია
ერთ თვეში უკვე მეორედ, მსოფლიო ევროპის კიდევ ერთ თვალწარმტაც მყინვარს გლოვობს. მეცნიერთა განცხადებით, კლიმატის ცვლილების გამო შვეიცარიის მყინვარი პიზოლი მთლიანად გაუჩინარდა.
2006 წლიდან მოყოლებული, ბუნების ამ საოცრებამ მოცულობის სულ მცირე 80 პროცენტი დაკარგა; დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე თეთრი ზოლი, რომლებიც უფრო მძიმე სანახავია, ვიდრე იმედისმომცემი. მკვლევართა თქმით, მთლიანობაში დარჩენილია 26 000 კვადრატული მეტრის ოდენობის ყინული, რაც ფართობით ოთხ საფეხბურთო მოედანზე ნაკლებია.
„დარჩა ცოტა თოვლი, მაგრამ მყინვარი აღარ არსებობს“, — ამბობს შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის გლაციოლოგი მათიას ჰუსი.
მისივე თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე გაწოლილია ყინულის რამდენიმე პატარა ნაგლეჯი, მაგრამ ისინი გამუდმებით იფარება მთიდან ჩამოცვენილი ნამსხვრევებით. სამეცნიერო თვალსაზრისით, ამ ნარჩენებს მყინვარი უკვე აღარ ეწოდება.
რამდენიმე დღის წინ, მყინვარის სიკვდილის უკვდავსაყოფად, ალპებში დაახლოებით 250 ადამიანი ავიდა. სამგლოვიარო ცერემონია მოიცავდა გვირგვინით შემკობას და მეცნიერებისა და ადგილობრივი მღვდლის სიტყვით გამოსვლას. მრავალი მონაწილე შავებში იყო გამოწყობილი, ზოგს ვუალი ჰქონდა ჩამოფარებული.
პიზოლი მეორე მყინვარია, რომელსაც ქელეხი გადაუხადეს. ერთი თვის წინ, ისლანდიამ პატივი მიაგო კლიმატის ცვლილების პირველ მსხვერპლს — მყინვარ ოკიოკულს.
„ოკიოკული პირველია ისლანდიაში, რომელმაც მყინვარის სტატუსი დაკარგა. მომდევნო ორასი წლის განმავლობაში მის გზას გაუყვება ჩვენი ყველა მყინვარი“, — წერია სამახსოვრო დაფაზე.
ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენით შევამცირებთ სათბურის აირების გამოყოფას, 2017-2050 წლებში ევროპა თავისი მყინვარების დონის 50 პროცენტს მაინც დაკარგავს.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, დანიელ ფარინოტის განცხადებით, ევროპის ალპების მყინვარები და მათი ბოლოდროინდელი ევოლუცია, კლიმატის ცვლილების ყველაზე აშკარა მანიშნებელია.
პიზოლი და ოკიოკული პირველნი გაქრნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ბოლო ნამდვილად არ იქნებიან.
მომზადებულია CNN-ის მიხედვით.