მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი ქვეყნებს სტრუქტურული რეფორმების გატარებას და ვალის აღებისას დაფიქრებას ურჩევს
მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი ქვეყნებს სტრუქტურული რეფორმების გატარებას და ვალის აღების დროს მეტ დაფიქრებას ურჩევს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ ტელეკომპანია Bloomberg-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
გეორგიევას აზრით, მსოფლიო ვალის მოცულობის ზრდა იმ ფონზე, როცა ქვეყნები მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ ჩქარობენ, უკვე ძალიან სერიოზულ გამოწვევად იქცა. მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთების ათწლიანი ინტერვალის შემდეგ, კერძო და საჯარო სექტორის ვალი მრავალ ქვეყანაში მეტისმეტად გაიზარდა და ახლა, როცა საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, ვალის მდგრადობა უფრო მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის გათვლებით (რომელიც ფინანსური ინსტიტუტების საერთაშორისო ასოციაციაა), 2017 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, მსოფლიო ვალმა 237 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც 70 ტრილიონი დოლარით აღმატება ათი წლის წინანდელ მაჩვენებელს.
მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი მიუთითებს, რომ დღეის მდგომარეობით, როდესაც შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელზე უფრო სწრაფი ზრდის პოლიტიკაზე გადავიდა, სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკებიც იძულებული არიან, მიჰყვნენ ამ ტენდენციას. ეს კი საკმაოდ სტრესულია განვითარებადი ბაზრებისა და ეკონომიკებისთვის.
შესაბამისად, უნდა შეიცვალოს სტრუქტურული პოლიტიკა, რადგან ქვეყნების უმეტესობამ არ ისარგებლა დაბალი საპროცენტო განაკვეთების საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით და არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები.
„ჩვენ ვერ ვამჩნევთ, რომ ბევრი ქვეყანა არსებული კარგი ეკონომიკური ზრდის პერიოდით სარგებლობდეს და სტრუქტურულ რეფორმებს ატარებდეს. და ჩვენი რჩევაა, მეტს ნუ დაიცდიან. კარგი დრო დიდ ხანს არ გრძელდება. როგორც წესი, ასეთი პერიოდი სამუდამო არ არის“,- განაცხადა გეორგიევამ.
გეორგიევა ქვეყნებს ურჩევს, სანამ ამა თუ იმ პროექტს დაიწყებენ, იქნება ეს ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის, კარგად განიხილონ, რამდენად ხელმისაწვდომია მისი დაფინანსება. მისი განცხადებით, მსოფლიო ბანკი ბევრს მუშაობს, რომ პროექტებში კერძო ინვესტორები მიიზიდოს და დაფინანსების წყაროები უფრო შერეული გახადოს.