მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაზე გამავალ შუა დერეფანს ვაჭრობის, სატრანსპორტო კავშირების ხელშეწყობა და მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის ამაღლება შეუძლია
მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაზე გამავალ შუა დერეფანს ვაჭრობის, სატრანსპორტო კავშირების ხელშეწყობა და მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის ამაღლება შეუძლია

მსოფლიო ბანკმა დღეს გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი – დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასამმაგებისთვის და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“.

ანგარიში ფოკუსირებულია ყაზახეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე და განსაზღვრავს იმ პრიორიტეტულ ღონისძიებებს, რომლებსაც მულტიმოდალური სარკინიგზო, საზღვაო დერეფნის სიცოცხლისუნარიან და სანდო სავაჭრო გზად გარდაქმნა შეუძლიათ.

ანგარიშის თანახმად, ჩინეთისა და ევროპის ბაზრების დამაკავშირებელ შუა დერეფანს, ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით, რეგიონული ვაჭრობის გამოცოცხლება და დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნებისთვის კავშირების გაძლიერება შეუძლია. დერეფანი ასევე უზრუნველყოფს ჩინეთი-ევროპის საკონტეინერო ვაჭრობის მდგრადობასა და მარშრუტების დივერსიფიკაციას, გეოპოლიტიკური შოკებისგან ქვეყნების და მიწოდების ჯაჭვის დაცვით.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ სწორი ინვესტიციებით და დარგობრივი პოლიტიკით შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტირების დროის განახევრების პარალელურად.

მსოფლიო ბანკის ცნობით, აღნიშნული, დასაქმების შესაძლებლობების შექმნით, დამხმარე დარგებზე მოთხოვნის გამოცოცხლებით და ბიზნესების მოზიდვით სარგებელს მოუტანს როგორც ადგილობრივ და რეგიონულ ეკონომიკას, ასევე ზოგადად მოსახლეობას.

„ჩვენი ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ შუა დერეფანი არა მარტო სიცოცხლისუნარიანია, არამედ შესაძლებელია არსებითი მნიშვნელობის მატარებელიც კი გახდეს მის გასწვრივ მდებარე ქვეყნების ეკონომიკისთვის“, – აღნიშნა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ანტონელა ბასანიმ.

მისივე თქმით, აზერბაიჯანმა, საქართველომ და ყაზახეთმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს საკუთარი ხედვების შეთანხმებაში და დერეფნის წინსვლაში. როგორც ანტონელა ბასანიმ აღნიშნა, მსოფლიო ბანკი, სხვა მრავალმხრივ ორგანიზაციებთან და ქვეყნების მთავრობებთან ერთად, მზადაა შუა დერეფნის მხარდასაჭერად.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, შუა დერეფნის მნიშვნელობა და სიძლიერე იმ სარგებელს უკავშირდება, რომლის მოტანაც მას, როგორც რეგიონთაშორის სავაჭრო დერეფანს შეუძლია. გაზრდილი ვაჭრობა აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და ევროპას შორის მოთხოვნის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია, რაც გულისხმობს რეგიონის შიდა ვაჭრობის 37-პროცენტიან ზრდას და აღნიშნულ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის 28-პროცენტიან მატებას.

„ახლა არის ხელსაყრელი მომენტი, რომ შუა დერეფანი გაცილებით კონკურენტუნარიანი გახდეს, გააფართოოს თავისი გამტარუნარიანობა, გაზარდოს ეფექტურობა და შეამციროს ხარჯები. მოკლევადიანი სარგებლის კომბინაცია ინსტიტუციური და ოპერაციული ღონისძიებების საშუალებით, საშუალოვადიან ინვესტიციებთან ერთად, გააძლიერებს შუა დერეფნის ფუნქციონირებას და აამაღლებს მის პოტენციალს“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულმა დირექტორმა, ჩარლზ კორმიერმა.

მსოფლიო ბანკის ცნობით, ანგარიში განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკას და ინვესტიციებს, რომლებიც საჭიროა ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ტრანსპორტზე არსებულ მოთხოვნაზე რეაგირებისთვის და ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად. აღნიშნული გულისხმობს:

დერეფანში ლოგისტიკური გადაწყვეტების უზრუნველყოფას ოპერაციების შეუფერხებელი წარმოებისთვის; პროცესებისა და პროცედურების რეფორმირებას და გამარტივებას, განსაკუთრებით საზღვრის კვეთისას მულტიმოდალური დერეფნების ტრაფიკის, მონაცემებისა და მახასიათებლების შეუფერხებელი გაცვლის უზრუნველსაყოფად; დიგიტალიზაციის კოორდინაციას საზღვარზე და საოპერაციო ინტერფეისებში მიკვლევის ასამაღლებლად და შეფერხებების შესამცირებლად; ერთიან, თავსებად სისტემას დერეფანში პროცესებისა და ღონისძიებების ციფრული გარდაქმნის ხელშესაწყობად; ეფექტიანობის ამაღლებას კასპიისა და შავი ზღვის გადაკვეთისას საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, პრობლემების აღმოფხვრასა და პორტის პროდუქტიულობის ზრდაზე ფოკუსირებასთან ერთად; ინვესტიციების პრიორიტეტულობის განსაზღვრის ერთიან სისტემაზე შეთანხმებას.

„ანგარიში განსაზღვრავს საინვესტიციო შესაძლებლობების მნიშვნელოვან რაოდენობას, რომლებიც შემდგომ შეფასებას და პრიორიტეტულობის განსაზღვრას საჭიროებს“, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ინფორმაციაში.