ლაშა ხუციშვილი - მსოფლიო ბანკთან გაფორმებული შეთანხმება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიდა დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის, ისე რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე
ლაშა ხუციშვილი - მსოფლიო ბანკთან გაფორმებული შეთანხმება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიდა დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის, ისე რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე

მსოფლიო ბანკთან დღეს გაფორმებული შეთანხმება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიდა ფუნქციონირებისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის, ისე რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმებულ სასესხო შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფას როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებას.

„ორივე მიმართულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიდა ფუნქციონირების და დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის, ისე რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე. აღნიშნული შეთანხმება უფრო ფართო დაფინანსების პაკეტის ნაწილია, რომელიც საქართველოსთვის, ჯამში, 750 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. პაკეტის ფარგლებში დამატებით შეთანხმებებს ხელი მომდევნო თვეებში მოეწერება. შეთანხმებაში მსოფლიო ბანკთან ერთად მონაწილეობენ აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB). ამ მიმართულებით დამატებით ვგეგმავთ საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსებისთვის დაახლოებით 350 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის შეთანხმების გაფორმებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს პერიოდში გაფორმდება 1.2-1.3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის შეთანხმებები, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში როგორც საგზაო, ისე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაში“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.