მსოფლიო ბანკი საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას განათლების ხარისხის ამაღლების პროექტით დაუჭერს მხარს
მსოფლიო ბანკი საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას განათლების ხარისხის ამაღლების პროექტით დაუჭერს მხარს

საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა დღეს ახალი პროექტის, სახელწოდებით „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ დაწყების შესახებ განაცხადეს. საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ინფორმაციით, 102.7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით.

„ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის განვითარებას. გვჯერა, რომ ინოვაციური, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის განათლება აუცილებელია ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის და შესაძლებელს გახდის იმ სხვაობის შემცირებას, რომელიც სწავლის შედეგებსა და შრომის ბაზრის მოლოდინებს შორის არსებობს კადრების კვალიფიციურობის თვალსაზრისით“,- აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა.

საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ცნობით, პროექტს ხუთი ძირითადი მიზანი აქვს: სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; უმაღლესი განათლების დაფინანსების პარამეტრების გაუმჯობესება და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან დაქვემდებარება; სისტემის გაძლიერება და დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება; პროექტების მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება.

„საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა ხელშესახებ და მდგრად შედეგებს მოიტანს განათლების სისტემისთვის”, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში პროექტის ინფრასტრუქტურული კომპონენტი უზრუნველყოფს ხუთი ახალი სკოლის მშენებლობას, დაახლოებით 60 არსებული სკოლის რეაბილიტაციას, ასევე, სკოლისთვის მოსამზადებლად ბავშვზე ფოკუსირებული და თანამედროვე სკოლამდელი განათლების 150-ზე მეტი პროგრამის დანერგვას. მთლიანობაში პროექტი სარგებელს მოუტანს სკოლამდელი ასაკისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაახლოებით 116, 000 მოსწავლეს.

პროექტი ასევე, უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის პრინციპებით მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების (სოფლებისა და მაღალმთიანი რეგიონების დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების), ეთნიკური უმცირესობებისა და განსხვავებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერას. შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი განახლებული აკადემიური პროგრამებისათვის გამოყოფილი 45-მდე გრანტის მეშვეობით, პროექტი ასევე დახმარებას გაუწევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

პროექტი სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო ბანკის საქართველოსთან პარტნიორობის 2019-2022 წლების სტრატეგიასთან და ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას 2018-2023 წლებში განათლების რეფორმის დღის წესრიგის განხორციელებაში. პროექტი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2019 წლის 29 მაისს დაამტკიცა და დაფინანსების ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა იმავე წლის 18 ივნისს.