მსოფლიო ბანკი - საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებში მძლავრი ეკონომიკური ზრდის პარალელურად
მსოფლიო ბანკი - საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებში მძლავრი ეკონომიკური ზრდის პარალელურად

მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაწყებული სწრაფი აღდგენის პროცესმა ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურება განაპირობა ევროპისა და ცენტრალური აზიის ფორმირებად ბაზრებზე და განვითარებად ქვეყნებში. ახლანდელი პროგნოზით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკა 2021 წელს 5.5 პროცენტით გაიზრდება, რაც მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებელია, – ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

მსოფლიო ბანკის ცნობით, აღმავლობა ძირითადად განპირობებული იყო ექსპორტის მაღალი ზრდის ტემპით წლის პირველ ნახევარში, რაც ევროზონაში ეკონომიკის გამოცოცხლებას და სასაქონლო ფასების მკვეთრ ზრდას მოჰყვა. ასევე, შიდა მოთხოვნა მომძლავრდა ვაქცინაციისა და დახმარებების პაკეტების ფონზე. თუმცა, ექსპორტის ზრდა შესაძლოა შენელდეს COVID-19-ის უფრო გადამდები ვარიანტების გლობალური და რეგიონული გავრცელების გამო, რაც ასევე შემაფერხებელი ფაქტორია რეგიონული შიდა მოთხოვნის აღდგენისათვის. 2020 წელს სამხრეთმა კავკასიამ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვერეგიონებს შორის გამოშვების უმწვავესი ვარდნა განიცადა, რომელიც 5 პროცენტზე მეტით შემცირდა. გამოშვების მოცულობა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ზრდასაც ხელი შეუწყო მოხმარებისა და ექსპორტის მნიშვნელოვანმა მატებამ, 2021 წელს მკვეთრად, 5.8 პროცენტით გაიზრდება, სადაც საქართველოს წამყვანი პოზიცია ენიჭება 8-პროცენტიანი აღმავლობით. 2022 წლისთვის მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკური ზრდის 5.5 პროცენტამდე შენელება, ხოლო 2023 წელს 5 პროცენტს მიუახლოვდება მაკროეკონომიკური მხარდაჭერის შეწყვეტის პარალელურად.

„სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, 2020 წლის შოკის შემდგომი აღმავლობა ძალას იკრებს, რასაც ხელს უწყობს შიდა მოთხოვნის ზრდა და სავაჭრო პარტნიორების მდგომარეობის გაუმჯობესება. თუმცა, მზარდი ინფლაციისა და შრომის ბაზრის სუსტი მაჩვენებლების პირობებში, ვაქცინაციის ტემპის ამაღლება კრიტიკულ პრიორიტეტად რჩება. გარდა ამისა, მდგრადი აღდგენა „მწვანე“, ურყევი და ინკლუზიური უნდა იყოს. სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებულ რეფორმებს, ადამიანური რესურსების გაუმჯობესებასა და ინოვაციების თუ ციფრული გარდაქმნის ხელშეწყობას შეუძლია პროდუქტიულობის ამაღლება, ხოლო ეკონომიკური ბუფერების აღდგენა და კლიმატის ცვლილებისათვის მზადყოფნა ეკონომიკური ზრდის სიმტკიცეს უზრუნველყოფს“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

მსოფლიო ბანკის ცნობით, საგარეო და ადგილობრივი მოთხოვნის სტაბილიზაციისა და პანდემიის საწინააღმდეგო სტიმულირების დასრულების პირობებში, 2022 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ზრდა სავარაუდოდ, ზომიერი იქნება, 3.4 პროცენტამდე. პანდემიის გაგრძელება, განსაკუთრებით კი, ვაქცინაზე არათანაბარი წვდომა და ყოყმანი, სამომავლო ვითარებას გაურკვეველს ხდის. რეგიონულ აღდგენას ახლავს ინფლაციის დაჩქარება და ფინანსური სტრესის მიმართ მოწყვლადობა, რაც შესაძლოა გარე დაფინანსების პირობების მოულოდნელი გამკაცრებით ან პოლიტიკის გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მკვეთრი ზრდით იქნას გამოწვეული. სპეციალური ანალიტიკური ანგარიში „კონკურენცია და ფირმების აღდგენა Covid-19-ის შემდეგ“ მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული საწარმოთა და ბიზნესის კვლევების მონაცემთა საფუძველზე მომზადდა. იგი მიუთითებს, რომ პანდემიამ მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი გავლენა იქონია ფირმებზე. რეგიონის საწარმოებში ყოველთვიური გაყიდვები და სრული განაკვეთით მომუშავე პერსონალის რაოდენობა საშუალო მაჩვენებლებით მნიშვნელოვნად დაეცა. მიმდინარე წლის მაისისთვის ყოველი ოთხი ფირმიდან ერთი მაინც ელოდა ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებულ პრობლემებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. შედარებით მცირე, ახალგაზრდა ფირმებმა, რომლებსაც ქალები მართავდნენ, ვერ შეძლეს გაყიდვების გაუმჯობესება თავდაპირველი ვარდნის შემდეგ.

მსოფლიო ბანკში აცხადებენ, რომ კრიზისები შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს ბევრი ფირმისთვის, მაგრამ ნაკლებად პროდუქტიული საქმიანობიდან მეტად პროდუქტიულ საქმიანობაზე რესურსების გადანაწილებით, მათ ხშირად შეუძლიათ გამოსავლის პოვნა. აღნიშნული ფაქტი დასტურდება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, კერძოდ, გაცილებით კონკურენტუნარიანი ბაზრების მქონე ქვეყნებში. მართლაც, ფირმები, რომლებიც კრიზისამდე მაღალი შრომითი პროდუქტიულობით გამოირჩეოდნენ, განიცდიდნენ გაყიდვებისა და შრომითი რესურსების ბევრად ნაკლებ ვარდნას, ვიდრე ფირმები, სადაც კრიზისამდე შრომის დაბალი ნაყოფიერება აღინიშნებოდა. ასევე, შედარებით პროდუქტიული ფირმები უფრო მეტად ახდენდნენ კრიზისთან ადაპტირებას ონლაინაქტივობისა და დისტანციური საქმიანობის საშუალებით.

„კონკურენციის როლი მნიშვნელოვანია, რადგან ის ასოცირდება დინამიზმთან, ახდენს ფირმებში ინოვაციების წახალისებას, შედარებით ეფექტიან ფირმებს აიძულებს შევიდნენ ბაზარზე და გაფართოვდნენ, ნაკლებად ეფექტიანი საწარმოების ბაზრიდან გასვლასთან პარალელურად. ქვეყნებში, სადაც არსებობს კონკურენტული ბაზრები და კონკურენციის ხელშემწყობი პოლიტიკა ძლიერია, ეს გადანაწილება შედარებით პროდუქტიული ფირმების მიმართულებით კიდევ უფრო მასშტაბურია“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ასლი დემირგუჩ-კუნტმა.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რამდენადაც ქვეყნები ეკონომიკური აღდგენის ფაზაში შედიან, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანაში პოლიტიკის შემმუშავებლებმა განსაზღვრონ მხარდაჭერის ღონისძიებების ეტაპობრივი დასრულება, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება. ასევე, ფოკუსირება უნდა მოხდეს კონკურენტული ბიზნესგარემოს გაძლიერებაზე, რომელიც სწრაფი აღდგენის, კრიზისების მიმართ მედეგობისა და გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური განვითარების უმთავრესი ელემენტია.

დატოვე კომენტარი