მთავრობის გადაწყვეტილება პოლიტიკური დღის წესრიგის და ოპოზიციის კრიტიკის ახალი თემა ხდება.
ახალი თავი 34-წლიანი ურთიერთობის ისტორიაში – ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას ხელისუფლების ოპონენტები საგარეო კურსის ცვლილების შესახებ ბრალდებებით ხვდებიან. აქცენტი აშშ-თან ურთიერთობის კიდევ უფრო გაუარესებაზე კეთდება. რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება და რა სარგებელს მიიღებს საქართველო გუშინ პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი შეთანხმებიდან – განმარტებებისთვის დღეს პრემიერმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. ბოლო სამ წელში გახშირებული ვიზიტები, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, ახალი ავიარეისები, მეტი ქართული პროდუქტი ჩინურ ბაზარზე და გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, რის შედეგად მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის ქვეყანა ახლა საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სიაში მესამე ადგილზეა. კრიტიკოსებს მმართველი გუნდი ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან ჩინეთთან კავშირების გაღრმავების სურვილს და კონკრეტულ ვიზიტებს ახსენებს. თანასწორობაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი შედეგებით და დიდი სარგებლით – ასე აღწერს „ქართული ოცნება“ ჩინეთთან ბოლო პერიოდის ურთიერთობას და მსგავს პარტნიორობას ელის აშშ-თანაც, რომელმაც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის ბოლოს შეაჩერა.