საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ რუგენაათს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა ხუციშვილმა და იუჯინ რუგენაათმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში (ენერგეტიკა, საგზაო ინფრასტრუქტურა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და სხვა), განხილულ იქნა ეკონომიკური ზრდისა და სწორი ფისკალური/მონეტარული პოლიტიკის შედეგად საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული შედეგები და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებით ბანკთან თანამშრომლობის საკითხები“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები – გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვისა და საბიუჯეტო დეპარტამენტების ხელმძღვანელები – ირაკლი კაჭარავა და ნათია გულუა.