მსოფლიო ბანკი - ეკონომიკის მკვეთრი და ხანგრძლივი ვარდნა ძლიერ დარტყმას განვითარებად ქვეყნებს მიაყენებს, გლობალური ეკონომიკური ზრდა 1.7 პროცენტამდე შენელდება
მსოფლიო ბანკი - ეკონომიკის მკვეთრი და ხანგრძლივი ვარდნა ძლიერ დარტყმას განვითარებად ქვეყნებს მიაყენებს, გლობალური ეკონომიკური ზრდა 1.7 პროცენტამდე შენელდება

გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის თანახმად, გლობალური ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდა გაზრდილი ინფლაციის, მაღალი საპროცენტო განაკვეთების, შემცირებული ინვესტიციებისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული პრობლემების ფონზე.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მყიფე ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, ნებისმიერი ახალი უარყოფითი მოვლენა, როგორებიცაა მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია, მის შესაჩერებლად საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა, „კოვიდ-19“-ის პანდემიის ახალი ტალღა ან გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია, შესაძლოა, გლობალური ეკონომიკის რეცესიას განაპირობებდეს. ეს იქნება პირველი შემთხვევა გასული 80 წლის განმავლობაში, როდესაც ერთი ათწლეულის განმავლობაში ორი გლობალური ეკონომიკური ვარდნა აღინიშნება.

პროგნოზის მიხედვით, გლობალური ეკონომიკური ზრდა 2023 წელს – 1.7 პროცენტი, ხოლო 2024 წელს 2.7 პროცენტი იქნება. ეკონომიკის მკვეთრი დაღმასვლა, სავარაუდოდ, ფართოდ გავრცელდება და მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების 95 პროცენტსა და განვითარებადი ქვეყნებისა და ბაზრების დაახლოებით 70 პროცენტს მოიცავს. განვითარებად ქვეყნებში მომდევნო ორი წლის განმავლობაში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, სავარაუდოდ, საშუალოდ 2.8 პროცენტი იქნება, რაც ერთი სრული პროცენტული ერთეულით ნაკლებია 2010-2019 წლების საშუალო მაჩვენებელზე. საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში, სადაც მსოფლიოს უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი ცხოვრობს, მოსალოდნელია, რომ 2023-2024 წლებში შემოსავლის ზრდა ერთ სულზე საშუალოდ მხოლოდ 1.2 პროცენტი იყოს, რამაც, შესაძლოა, სიღარიბის მაჩვენებლების ზრდა გამოიწიოს.

„გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივის გაუარესების ფონზე, მძაფრდება განვითარების წინაშე არსებული კრიზისი. განვითარებადი ქვეყნები და ბაზრები შენელებული ეკონომიკური ზრდის მრავალწლიანი პერიოდის წინაშე დგანან, რაც განპირობებულია ვალის მძიმე ტვირთით და სუსტი ინვესტიციებით, რადგან გლობალური კაპიტალი ათვისებულია მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების მიერ, სადაც მთავრობის დავალიანების უკიდურესად მაღალი დონე და მზარდი საპროცენტო განაკვეთები აღინიშნება. ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესინვესტიციების სისუსტე უარყოფით გავლენას იქონიებს განათლებაზე, ჯანდაცვაზე, სიღარიბესა და ინფრასტრუქტურაზე, ასევე კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე მზარდ მოთხოვნებზე“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა.

პროგნოზის თანახმად, განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა 2022 წლის 2.5%-იანი მაჩვენებლიდან 2023 წელს 0.5%-მდე შემცირდება. გასული ორი ათწლეულის განმავლობაში ასეთი მასშტაბის ეკონომიკური დაღმასვლა გლობალური რეცესიის მაუწყებელი აღმოჩნდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2023 წელს მოსალოდნელია ზრდის მაჩვენებლის 0.5%-მდე ვარდნა, რაც 1.9 პროცენტული ერთეულით ნაკლებია წინა პროგნოზებთან შედარებით და 1970 წლის შემდეგ ეფექტიანობის უდაბლესი მაჩვენებელია, ოფიციალური რეცესიების მიღმა.

როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, 2023 წელს ევროზონაში მოსალოდნელია ნულოვანი ეკონომიკური ზრდა, რაც 1.9 პროცენტული ერთეულით დაღმავალი კორექტირების შედეგი იქნება. 2023 წელს ჩინეთში ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია 4.3%-ის დონეზე, რაც 0.9 პროცენტული ერთეულით ნაკლებია წინა პროგნოზებზე. განვითარებად ბაზრებსა და ქვეყნებში, ჩინეთის გამოკლებით, ზრდა 2023 წელს, სავარაუდოდ, 2022 წლის 3.8%-იანი მაჩვენებლიდან 2.7%-მდე შემცირდება, რაც მნიშვნელოვნად სუსტ გარე მოთხოვნას ასახავს. აღნიშნული გამოწვეულია მაღალი ინფლაციით, ვალუტის გაუფასურებით, დაფინანსების მკაცრი პირობებითა და განვითარების შემაფერხებელი სხვა ადგილობრივი ფაქტორებით.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის ბოლოსთვის განვითარებად ბაზრებზე და ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) პანდემიამდე მოსალოდნელ დონეზე დაახლოებით 6%-ით ნაკლები იქნება. გლობალური ინფლაციის ზომიერი მაჩვენებლის მოლოდინის მიუხედავად, ის პანდემიამდელ დონეზე მაღლა შენარჩუნდება.

ანგარიში წარმოგვიდგენს ინვესტიციების ზრდის პერსპექტივის პირველ ყოვლისმომცველ საშუალოვადიან შეფასებას განვითარებადი ბაზრებისა და ქვეყნებისთვის. 2022-2024 წლების პერიოდში მთლიანი ინვესტიციები ამ ქვეყნებში, სავარაუდოდ, საშუალოდ 3.5%-ით გაიზრდება, რაც წინა ორ ათწლეულში არსებული მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებია. ინვესტიციების ზრდის დასაჩქარებლად ანგარიში პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის შესაძლო ვარიანტების ჩამონათვალს იძლევა.

„შეზღუდული საინვესტიციო საქმიანობა სერიოზული პრობლემაა, რომელიც დაბალ პროდუქტიულობასა და ვაჭრობას უკავშირდება და საფრთხეს უქმნის საერთო ეკონომიკურ პერსპექტივებს. ინვესტიციების ძლიერი და მდგრადი ზრდის გარეშე, უბრალოდ, შეუძლებელი იქნება არსებითი პროგრესის მიღწევა ფართო განვითარებისა და კლიმატთან დაკავშირებული მიზნების თვალსაზრისით. ინვესტიციების ზრდის ხელშემწყობი ეროვნული პოლიტიკა საჭიროა მორგებულ იქნას ქვეყნის გარემოებებზე, მაგრამ ის ყოველთვის იწყება ჯანსაღი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავებით და საინვესტიციო გარემოს ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებით“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა, აიჰან კოსემ.

ანგარიში ასევე განიხილავს 37 მცირე სახელმწიფოსთან დაკავშირებულ დილემას. ამ ქვეყნების მოსახლეობა 1.5 მილიონი ან უფრო ნაკლებია. მათ გაცილებით მძაფრი რეცესია განიცადეს „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო. აღდგენის პროცესი მათში გაცილებით სუსტად წარიმართა ნაწილობრივ ტურიზმის გახანგრძლივებული წყვეტილობის შედეგად. 2020 წელს ეკონომიკური გამოსავალი მცირე სახელმწიფოებში 11%-ზე მეტით შემცირდა, რაც შვიდჯერ მაღალია სხვა განვითარებად ქვეყნებში მიმდინარე ვარდნასთან შედარებით. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ მცირე ქვეყნები ხშირად კატასტროფულ დანაკარგებს განიცდიან, რაც წელიწადში საშუალოდ დაახლოებით მშპ-ის 5%-ს შეადგენს. აღნიშნული მწვავე დაბრკოლებებს უქმნის ეკონომიკურ განვითარებას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიტიკის შემმუშავებლებს მცირე ქვეყნებში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების გაუმჯობესება შეუძლიათ კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის გაძლიერებით, ეფექტური ეკონომიკური დივერსიფიკაციის განმტკიცებითა და მთავრობის ეფექტიანობის ამაღლებით.

ანგარიში გლობალური თანამეგობრობისგან მოითხოვს მცირე სახელმწიფოებისთვის ოფიციალური დახმარების ნაკადის შენარჩუნებას კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის მხარდასაჭერად და ვალის მდგრადი მართვის აღდგენაში დასახმარებლად.