მსოფლიო ბანკი - ჩვენი დახმარებით საქართველო რეგიონულ სატრანსპორტო კავშირს აუმჯობესებს
მსოფლიო ბანკი - ჩვენი დახმარებით საქართველო რეგიონულ სატრანსპორტო კავშირს აუმჯობესებს

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი, რომლის ფარგლებში გამოყოფილი 109 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებით მოხდება კახეთის რეგიონის დედაქალაქთან და ქვეყნის ავტომაგისტრალთა ქსელთან დაკავშირება. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

მსოფლიო ბანკის ცნობით, კახეთი, როგორც მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო და ღვინის წარმოებისა და ექსპორტის ცენტრი, რომელსაც ტურიზმისა და ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, ამ პროექტის განხორციელების შედეგად სარგებელს მიიღებს ტვირთების გაზრდილი მოძრაობით, ისევე როგორც შედარებით უფრო ხანმოკლე და უსაფრთხო მგზავრობით დედაქალაქამდე და ქვეყნის სხვა რეგიონებამდე. ასევე, მოსალოდნელია, რომ პროექტი წვლილს შეიტანს COVID-19 კრიზისიდან ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესში, განსაკუთრებით მოკლევადიან პერსპექტივაში – სამშენებლო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნით და ადგილობრივი მეწარმეებისთვის შემოსავლის გაზრდით.

„მაღალი გამტარობის მქონე ავტომაგისტრალები საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორებია, რამდენადაც ისინი უზრუნველყოფენ სხვადასხვა დარგის ფირმების  გაცილებით ეფექტიან წვდომას ბაზრებთან, ამარტივებენ კავშირს ტურისტულ ცენტრებთან და ასევე, მგზავრებს და საზოგადოებას უადვილებენ წვდომას ისეთ ძირითად სერვისებთან და შესაძლებლობებთან, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება  და სამუშაო ადგილები. ამ პროექტით მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს რეგიონის სატრანზიტო ჰაბი“, – აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.

მსოფლიო ბანკის ცნობით, კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი დააფინანსებს 17 კმ სიგრძის და ოთხი ზოლის მქონე ავტომაგისტრალის მონაკვეთის მშენებლობას საგარეჯოსა და ბადიაურს შორის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის დერეფანში, რითაც კახეთს თბილისთან და ქვეყნის დანარჩენ რეგიონებთან დააკავშირებს. მსოფლიო ბანკის ამ პროექტის საშუალებით განხორციელებული ინვესტიციის პარალელურად, საქართველოს მთავრობა ააშენებს აღნიშნული დერეფნის პირველ სამ მონაკვეთს თბილისიდან საგარეჯომდე, დაპროექტების, მშენებლობის, ფიდუციარული, გარემოსდაცვითი და სოციალური დაცვის ისეთივე მექანიზმების გამოყენებით, როგორიც მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული მონაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება. დერეფანი სავარაუდოდ 2025 წლისთვის ამოქმედდება. ასევე დაგეგმილია დერეფნის დარჩენილი ნაწილების მშენებლობა ბადიაურსა და ლაგოდეხს შორის, რაც მომავალ ეტაპზე ტრანსპორტის მოძრაობის დონიდან გამომდინარე განხორციელდება.

„მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ კახეთის რეგიონში, როგორებიცაა გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა და  შედეგებზე დამყარებული ქვეყნის შიდა გზების რეაბილიტაციის პირველიპროგრამა ქვეყანაში. ეს არის პროექტი, რომელიც დააჩქარებს კახეთის განვითარებას და გადამწყვეტი იქნება რეგიონის ინფრასტრუქტურული, ლოგისტიკური, სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკური განვითარებისთვის და დიდ გავლენას იქონიებს არა მარტო კახეთის, არამედ მთლიანად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესზე“, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

მსოფლიო ბანკში აცხადებენ, რომ პროექტი შემდგომ დააფინანსებს ბაზრის განვითარებას ბადიაურის მონაკვეთის ახლოს და  ხელს შეუწყობს  ქალთა მონაწილეობით საწარმოების შექმნას და გაფართოებას, რაც ასევე გულისხმობს ბიზნესის საკონსულტაციო ტრენინგებს ადგილობრივი ქალი მეწარმეებისთვის. პროექტი ასევე უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას საქართველოს გზების დეპარტამენტისთვის ისეთ მაღალპრიორიტეტულ ტექნიკურ სფეროებში, როგორებიცაა გვირაბების განვითარება და მართვა, საგზაო უსაფრთხოება და ხელშეკრულებების მართვა. მსოფლიო ბანკი, 2006 წლის შემდეგ სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კოორდინაციით,თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ეროვნული ავტომაგისტრალების ქსელის განვითარების მიზნით, რისთვისაც კოლექტიურად 2 მლრდ. აშშ დოლარის მობილიზება განხორციელდა. ამ ინიციატივამ ხელი შეუწყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარებას – მხოლოდ მსოფლიო ბანკის მხრიდან9 საკრედიტო ოპერაციის მეშვეობით 527 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფა მოხდა ამ მიმართულებით. მსოფლიო ბანკს ასევე დამატებით გამოყოფილი აქვს 407 მლნ. აშშ დოლარი მეორადი დანიშნულების და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციისთვის. ინვესტიციის მთლიანმა მოცულობამ ბოლო 16-წლიან პერიოდში დაახლოებით ერთი მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.