მსხვილ მომწოდებლებთან არსებობს შეთანხმება, რომ ბრინჯზე, მაკარონზე, მზესუმზირის ზეთზე, ფქვილზე, შაქარზე, ხორბალზე, რძის ფხვნილზე, წიწიბურასა და ლობიოზე კონკრეტული ფასი შენარჩუნდება
მსხვილი მომწოდებლებისგან მივიღეთ შეთანხმება, რომ კონკრეტული ფასი შეინარჩუნონ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია სურსათის მარაგებთან, სასურსათო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ასევე იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც სამინისტროს დაევალა საგანგებო რეჟიმში, რათა არ იყოს შეფერხება მიწოდებაში და, მეორე მხრივ, ფასები ადეკვატური და ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის.
„ჩვენ გუშინ განვაცხადეთ, რომ ვმუშაობდით საგანგებო მექანიზმზე, რომლითაც ძირითად სასურსათო პროდუქტებზე გავაკონტროლებდით ფასებს. ეს არის ცხრა მნიშვნელოვანი პროდუქტი. რადგანაც საზოგადოებაში არსებობს დიდი ინტერესი, ჩამოგითვლით: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი და ამას გუშინ სამუშაო რეჟიმში დაემატა ორი სასურსათო პროდუქტი – წიწიბურა და ლობიო. ჩვენ სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შევთავაზეთ ძირითად იმპორტიორებს, მსხვილ დისტრიბუტორებს. შევაჯერეთ ბიზნესთან ეს პოზიციები. ზუსტად ამიტომ არ ვისაუბრეთ დეტალებზე ჩვენ გუშინ. დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მათ კონკრეტულად ფიქსირებულ საკურსო რეჟიმში შეგვიძლია გადავუზღვიოთ სავალუტო ფლუქტუაცია. განსხვავება კონკრეტული ფასიდან და კონკრეტული გაცვლითი კურსიდან ჩვენ კომპენსაციის სახით შეგვიძლია ავუნაზღაუროთ ამ მსხვილ მომწოდებლებს იმისთვის, რომ მათ კონკრეტული ფასი შეინარჩუნონ ამ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სასურსათო მომარაგება. ჩვენ ეს შეთანხმება მივიღეთ. დღის განმავლობაში ავამოქმედებთ ამ მექანიზმს, თუმცა, უკვე შეთანხმება შედგა მსხვილ იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან, რომ ისინი უკვე გუშინდელი დღის რეჟიმში შეინარჩუნებდნენ ფასებს და არ მოხდებოდა გაძვირება. თუმცა, იცით, რომ მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაკონტროლოთ ფასი და კონკრეტულმა ოპერატორმა არ მოახდინოს ფასის სპეკულირება. ამაზე ჩვენ გვექნება მონიტორინგი. მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საწყის ეტაპზე ჩვენ გვექნება ფასი დაზღვეული და მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლამდე ეს ინფორმაცია და ეს ფასი სტაბილური მივიდეს, ხელუხლებლად. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.