მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტზე გაყვანასთან დაკავშირებით შეზღუდვის გამკაცრება იგეგმება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტზე გაყვანასთან დაკავშირებით შეზღუდვის გამკაცრებას გეგმავს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, შესაბამისი პროექტი, რომელიც ექსპორტზე გასაყვანად მსხვილფეხა ახალბედა პირუტყვის წონის 140 კილოდან მინიმუმ 200 კილომდე გაზრდას გულისხმობს, უწყებას უკვე მომზადებული აქვს და წლის ბოლომდე მთავრობას წარუდგენს განსახილველად.
„ჩვენ უკვე მრავალი თვეა, ვამბობთ, რომ საქართველოში ხორცის დეფიციტია. სასაკლაოები ჩივიან, რომ მათ სულ უფრო და უფრო უჭირთ პირუტყვის შოვნა დასაკლავად და ეს არის სწორედ მისი გამოძახილი სტატისტიკაში. რამდენიმე ფაქტორია, რამაც ეს გამოიწვია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ექსპორტის მაჩვენებელი, როდესაც უკანასკნელი 3-4 წლის მანძილზე ქვეყნიდან დაახლოებით 500 ათასი რქოსანი პირუტყვი გაიყვანეს საზღვარგარეთ გასაყიდად. ბუნებრივია, სწორედ ამან შეამცირა საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა”, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი ხანიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, სწორედ პირუტყვის ექსპორტია რძისა და რძის პროდუქტების, ასევე ხორცისა და ხორცპროდუქტების გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი. როგორც ხანიშვილმა აღნიშნა, მეცხოველეობის დარგის განვითარების კუთხით, საქართველოს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და საჭიროა ქვეყანაში უფრო მაღალპროდუქტიული უცხოური ჯიშის პირუტყვის გამრავლება, ასევე, ფერმერული მეურნეობების განვითარება.
„საქართველოში გვჭირდება მაღალმწარმოებლური და მაღალპროდუქტიული ჯიშების და ფერმერული მეურნეობების განვითარება. მაგალითად, 2012 წელს თუ გვყავდა მაღალპროდუქტიული ჯიში დაახლოებით 1000 სული, დღეისათვის მათი რაოდენობა ქვეყანაში უკვე 5000 სულს აღემატება. თუ ადგილობრივი ჯიშის საქონელი სამ, ოთხ ან ხუთ ლიტრ რძეს იწველება, გაცილებით მეტს იძლევა სხვა ჯიშის პირუტყვი. ამიტომ ბუნებრივია, ოჯახებს უკვე ურჩევნიათ სამი და ოთხი სულის ნაცლად შეინახონ ერთი სული საქონელი და მიიღონ იგივე სარგებელი. სწორედ ამიტომ, უნდა შევძლოთ ინდივიდუალურ, შინა მეურნეობებიდან თანდათანობით გადავიდეთ მსხვილ პროდუქტიულ ფერმებზე, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხობრივ, საფასო და სხვა სტაბილური ელემენტების გაჩენას და ბაზარზე შესაბამისი პროდუქციის მიწოდებას. ეს სეგმენტიც 2-3 წლიან პერიოდში დაიძლევა და ქართველი მეცხოველეები მიაწოდებენ ბაზარს მაღალხარისხიან რძეს, მაღალხარისხიან ხორცს ადეკვატურ ფასებში”, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.