მშრომელთა უუფლებობა

ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის მსჯელობა საქართველოში შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის თაობაზე, რომელიც ამ სტანდარტების აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი. საკითხი მართლაც აქტუალურია, რადგან სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა  საგანგაშოა.

თუმცა, ამ ეტაპზე ყურადღების მიღმა რჩება შრომით უფლებებთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები. შრომით უფლებებს უკავშირდება, პროფესიულ კავშირებში გაერთიანების უფლება, სამუშაოს დროისა და ზეგანაკვეთური ანაზღაურების საკითხი. შრომით უფლებებს უკავშირდება ასევე მინიმალური ხელფასის ოდენობაც.

შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს გარკვეულ რეგულაციებს ამ მხრივ. მაგალითად, შრომის კოდექსი აწესრიგებს პროფესიულ გაერთიანებებში თავისუფალი გაერთიანების საკითხს და პროფკავშირებს კოლექტიურ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან ფუნქციას ანიჭებს. ამასთან, დამსაქმებლებს ეკრძალებათ 40 საათზე მეტი დრო ამუშაონ დასაქმებულები და 48 საათი განსაკუთრებული რეჟიმის ობიექტებზე. თუ დასაქმებული უფრო მეტ დროს იმუშავებს, მაშინ დამსაქმებელი ვალდებულია აუნაზღაუროს ზეგანაკვეთური სამუშაო ან დაასვენოს დასაქმებული. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ჩანაწერები არსებობს შრომის კოდექსში, ამ უფლებების აღსრულების ეფექტური მექანიზმები სუსტია. კერძოდ, არ არსებობს შრომის ინსპექცია, რომელიც შეძლებდა ამ უფლებების დარღვევის აღკვეთას. დღეს დასაქმებულს რჩება მხოლოდ სასამართლოს გზა, ამ უფლებების დაცვისთვის, რაც თავის მხრივ არის საკმაოდ ძვირადღირებული და ამასთან ერთად დროში გაწელილი საშუალება (კერძოდ, დასაქმებულს უწევს ადვოკატის დაქირავება და სასამართლო ხარჯების საკუთარ თავზე აღება პირველ ეტაპზე, ამასთან სასამართლო პროცესები წლობით შეიძლება გაიწელოს).

საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე, დასაქმებულების საბაზრო ძალაუფლება მცირეა. სტატისტიკის სამსახურის ცნობით უმუშევრობა 12%-ია, ახალგაზრდებში ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია. ამასთან, თვითდასაქმებულთა წილი ეკონომიკაში საკმაოდ მაღალია, ხოლო მათი შემოსავლები მცირე. ამიტომაც,  ხშირ შემთხვევაში დასაქმებული იძულებულია შეეგუოს დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებულ კაბალურ პირობებს.

დიაგრამა 1 წყარო: სტატისტიკის დეპარტამენტი

შრომით უფლებების დარღვევა ბოლო პერიოდში არაერთი საპროტესტო გამოსვლის მიზეზი გახდა. საპროტესტო ტალღა შეეხო, როგორც ინდუსტრიულ სექტორს (მაგ. ტყიბულში, ჭიათურაში და ქსანში არსებული გაფიცვები), ასევე მომსახურების სფეროსაც. მაგალითად, შეიძლება გავიხსენოთ ზეგანაკვეთური სამუშაოების აუნაზღაურებლობასა და სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით სავაჭრო ცენტრის „ფრესკოსა“ და „ბიბლუსის“ ყოფილი თანამშრომლების პროტესტი. თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არსებობს პრინციპული განსხვავება ინდუსტრიულ სექტორში დასაქმებული ადამიანებისა და მომსახურების სექტორში დასაქმებულთა საბაზრო ძალაუფლებას შორის. კერძოდ, ინდუსტრიულ ზონებში, დასაქმებულებისთვის პროფესიული გაერთიანებების ფორმირება შედარებით მარტივია, რაც საშუალებას აძლევს ამ სფეროებში დასაქმებულებს უფრო ეფექტურად იბრძოლონ საკუთარი უფლებების დაცვისთვის. მომსახურების სფეროში, რომელიც მოქნილი სამუშაო ბაზრის პრინციპებზეა დაფუძნებული, ასოციაციურობის ხარისხი შედარებით დაბალია, რაც თავისთავად ზღუდავს უფლებების კოლექტიურად დაცვის შესაძლებლობას. ამას ემატება ისიც, რომ დღესდღეობით მომსახურების სფეროში დასაქმებულთა რაოდენობის წილი, ინდუსტრიულ სექტორში დასაქმებულებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. ინდუსტრიულ სექტორში მთლიან დასაქმებულთა წილი მხოლოდ 4%-ია. შესაბამისად, მოქნილი შრომითი ბაზრის პრინციპი ვრცელდება დასაქმებულთა დიდ რაოდენობაზე.  

დიაგრამა 2 აღებულია კვლევიდან „უმუშევრობის სტრუქტურა და სტრუქტურული უმუშევრობა საქართველოში“

შემთხვევითი არ არის, რომ ამ ეტაპზე უფრო დიდი აქცენტი კეთდება შრომით უსაფრთხოებაზე და ნაკლები ყურადღება ეთმობა  შრომით უფლებებს. პირველ რიგში, ეს დაკავშირებულია საზოგადოების სამართლიან მღელვარებასთან, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში სამუშაო ადგილზე ასეულობით ადამიანის გარდაცვალებას მოჰყვა. თუმცა მეორე მხრივ, ამგვარ ტენდენციაზე გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ დამსაქმებლებისთვის შრომითი უფლებების მოგვარების საკითხი ბევრად უფრო მტკივნეულად აღიქმება. ამას განაპირობებს ორი ძირითად ფაქტორი:

  • შრომითი უსაფრთხოების საკითხი ეხება მეტწილად ინდუსტრიულ და მშენებლობის სექტორებს და ნაკლებად სხვებს. ამიტომაც, აქ არ არსებობს კონსოლიდირებული წინააღმდეგობა ბიზნესის ყველა სექტორის მხრიდან.
  • შრომითი უსაფრთხოების ნორმების დანერგვა მოითხოვს ერთჯერად მსხვილ ინვესტირებას და შემდგომში ამ ნორმების დაცვაზე ნაკლები ხარჯებია საჭირო. ამიტომაც, დამსაქმებლებს ურჩევნიათ მოაგვარონ ეს პრობლემა, რადგან ადამიანთა დასახიჩრება და ხშირად ფატალური შემთხვევები სამუშაო ადგილებზე საზოგადოებას მათ წინააღმდეგ განაწყობს. რაც შეეხება შრომითი უფლებების დაცვას, ამ შემთხვევაში დამსაქმებლებს მოუწევთ ფუნდამენტურ დათმობებზე წასვლა. მაგალითად, თუ სახელმწიფო გაზრდის მინიმალური ხელფასის ოდენობას (რაც დღეს 20 ლარს შეადგენს) ან მკაცრად მოსთხოვს ბიზნესს ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას, მაშინ დამსაქმებლებს მოუწევთ უფრო მეტი ფინანსური რესურსის განაწილება დასაქმებულებისთვის.

საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ შრომითი უფლებების დაცვით შესაძლოა შემცირდეს ინვესტიციები. მემაჯვენე ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს “ლიბერალური შრომის ინსპექცია”, რადგან ეს ინსტიტუტი თავისთავად არ წარმოადგენს შრომითი უფლებების დამცველ მექანიზმს.  ეკონომისტთა ამ ნაწილის აზრით, “მოქნილი სამუშო ბაზარი” გამოიწვევს მეტი ინვესტიციების ჩადებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთესი ხარისხის სამუშაო ადგილებს გააჩენს და შრომითი ექსპლუატაციას ბუნებრივად შემცირდება. ამ მხრივ, არსებობს ორი საპირისპირო არგუმენტი. პირველ რიგში, სამეცნიერო  ლიტერატურაში არ არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს შრომით ექსპლუატაციასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონეს შორის. მეტიც, მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კავშირშია სახელმწიფო ინვესტიციებთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, კვლევა და განვითარება, რადგან ეს უზრუნველყოფს ჯანმრთელ და განათლებულ მუშა ხელს და ინოვაციების დანერგვისა და განვითარების პერსპექტივებს. ამასთან, მაღალი სახელმწიფო ინვესტიციები კეთილდღეობის უზრუნველყოფის სფეროებში ქმნის მეტ სოციო-პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც უმნიშვნელოვანესია ბიზნესის წარმოებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ოთხმა მულტინაციონალურმა კორპორაციამ („ნაიკი“, „პუმა“ „ნიუბალანსი“, „ადიდასი“) წერილით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა მინისტრს დავით სერგეენკოს, მინიმალური ხელფასისა და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის თაობაზე, რაც ხაზს უსვამს იმას რომ საერთაშორისო  კორპორაციებისთვის, მნიშვნელოვანია შრომითი უფლებების დაცვა და არა ადამიანთა მონურ მდგომარეობაში ყოფნა.

გარდა ამისა, საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით მთელი რიგი ვალდებულები აიღო, რომლებიც ეხება შრომითი უფლებების უკეთესად დაცვას. მაგალითად, ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, საქართველომ არ უნდა მოახდინოს შრომითი უფლებების დარღვევის ხარჯზე შედარებითი უპირატესობის მოპოვება ვაჭრობის სფეროში. ასევე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმის მიხედვით, რაც თავის მხრივ ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს, შრომის ინსპექციამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს როგორც შრომის უსაფრთხოების დაცვაზე, ასევე დასაქმების ადგილას შრომითი უფლებების უზრუნველყოფაზე (სამუშაო საათების რაოდენობა, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, ხელფასი, დისციპლინური პასუხისმგებლობების სახეები და ა.შ.).

დასკვნის მაგიერ

იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში შრომითი უფლებების დაცვის მხრივ არსბებობს მნიშვნელოვანი დარღვევები და ამასთან ერთად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მოითხოვს საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ პრობლემების მოგვარების კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, მნიშვნელოვანი იქნება თუ დაიწყება დისკუსია შრომის ინსპექციის უფლებამოსილებაში შრომითი უფლებების ინკორპირების შესახებ. ამიტომაც, შრომის ინსპექციამ უნდა შეითავსოს როგორც შრომითი უსაფრთხოების, ასევე დასაქმებულთა უფლებების დაცვის საკითხიც.

ბუნებრივია, ბიზნესის მხრიდან ამგვარი მოდელის დაფუძნებას შესაძლოა მოჰყვეს სერიოზული წინააღმდეგობა, თუმცა მეორე მხრივ მთავრობის მხრიდან უნდა მოხდეს იმის განმარტება, რომ შრომითი უფლებების უკეთესად დაცვა თავად ბიზნესის ინტერესებშია, რადგან ეს ზრდის პროდუქტულობას და ამასთან ერთად ადამიანთა მსყიდველუნარიანობასაც. კერძოდ, თუ დასაქმებულთა უფლებები უკეთსად იქნება დაცული, ეს გაზრდის შრომით კმაყოფილებას  და მათ უფრო მოტივერებულს გახდით მათ, რაც პირდაპირ კავშირშია პროდუქტულობასთან. ამასთან, ერთად ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებით ან ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესებით მეტი ფული დარჩება დასაქმებულებს და მათი მსყიდველობითი უნარი გაიზრდება, რაც ასევე კავშირშია საერთო მოთხოვნის ზრდასთან.