მშენებლობაზე არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ სამშენებლო კომპანიის დირექტორს ბრალი წაუყენეს
მშენებლობაზე არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორს, შიშუ პალ ბურდაკს პროკურატურამ ბრალი სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით წარუდგინა. სწორედ ამ ობიექტზე დაიღუპა 2003 წელს დაბადებული არასრულწლოვანი 16 ივლისს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ლიფტის დემონტაჟის დროს ლიფტის შახტში ჩავარდა.
ბრალდებულის ადვოკატის, ბაჩუკი ქირიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას ნაწილობრივ აღიარებს.
მისივე თქმით, სამშენებლო კომპანიის დირექტორი ერთადერთი პასუხისმგებელი პირი არ ყოფილა.
„ნაწილობრივ აღიარებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ბრალდებას, იმ ნაწილში რომ უცხო პირები მოხვდნენ სამშენებლო ობიექტზე და ვერ უზრუნველყო, რომ არ მოხვედრილიყვნენ ეს პირები. სამუშაოების მწარმოებელი ვინც იყო, მან მიიყვანა ადამიანების ჯგუფი სამუშაოდ, მათ შორის 16 ივლისს გარდაცვლილი არასრულწლოვანიც. მან ეს ადამიანები მიიყვანა თვითნებურად და მიიღო მათი დასაქმების გადაწყვეტილება, ისე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა არაფერი. ის თბილისში არ იმყოფებოდა და ეს ინფორმაცია სამუშაოების მწარმოებლისთვის ცნობილი იყო“, – განაცხადა ბაჩუკი ქირიამ.
ადვოკატის ინფორმაციით, ტრაგედიამდე ორი საათით ადრე იყო არასრულწლოვანი მუშა სამშენებლო ობიექტზე სამუშაოდ მიყვანილი.
ბრალდების მხარემ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომის გამართვაზე. სხდომა ხვალ 11:30 საათისთვის ჩაინიშნა.
სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი გუშინ დააკავეს.