მსახიობმა თათული დოლიძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „სიცოცხლისთვის“ დააფუძნა
მსახიობმა თათული დოლიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქცია გამართა და საზოგადოებრივი მოძრაობის „სიცოცხლისთვის“ დაფუძნების შესახებ განაცხადა.
მოძრაობაში ატენის ქუჩისა და ჭავჭავაძის 75ა და ბ კორპუსების მცხოვრებლები გაერთიანდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, უკანონო მშენებლობების გამო, ირღვევა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება და სწორედ ასეთი უკანონო მშენებლობების გაპროტესტებას გეგმავს მოძრაობა, ამასთან, მოქალაქეების ინტერესების დაცვას.
აქციის მონაწილეები „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.
„ოთხი წელია დაგვღალა კაბინეტიდან კაბინეტში სიარულმა და რაც მთავარია, ერთი და იგივე მეორდება. იმ ხელისუფლებიდან მოყოლებული დღემდე. პასუხი ყველას ერთი აქვს. სასამართლო მოვიგეთ, თურმე სასამართლოს გადაწყვეტილებას აზრი არ აქვს. ოთხი წელია შიშით ვიღვიძებთ და ვიძინებთ, მუდმივად რაღაცები ცვივა. ქალაქი საოცრებას დაამსგავსეს. ვინც თბილისელია, უყვარს ეს ქალაქი, არ მეგულება ადამიანი ჩემ გარშემო, რომელიც აღშფოთებული არ იყოს ამ ყველაფრით. ჩვენი მიზანია, შეაჩერონ უკანონო მშენებლობები. რადგან სხვებთან ვერაფერს გავხდით და ბიძინა ივანიშილი გახდა პარტიის თავმჯდომარე, გვინდა, რომ ცალმხრივი არ იყოს ინფორმაცია“, – განაცხადა თათული დოლიძემ.
აქციაზე მსახიობი თათული დოლიძე ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.