ფლორიდაში, ჯექსონვილის არენამ აბსოლუტური საბძოლო ჩემპიონატის მესამე ღონისძიებას უმასპინძლა. ქარდი ქართველი ფანებისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. გიგა ჭიკაძემ ირვინ რივერა ძალიან ლამაზ სტილში დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
დღევანდელ ქარდზე მსაჯებმა მინიმუმ სამ ბრძოლაში, საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებები მიიღეს. ქვემსუბუქ წონით დივიზიონში (bantamweight) ახალგაზრდა 22 წლის სონგ იადონგი მარლონ ვერას დაუპირისპირდა. მსაჯებმა ერთსულოვანი გამარჯვება ჩინელ მებრძლს მიანიჭეს, რაც უამრავი ადამიანისგან კრიტიკის მიზეზი გახდა. ვერას უპირატესობა დარტყმებსა და გდებებში საგრძნობი იყო და მსაჯების გადაწყვეტილება პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელია.
ძალიან დაძაბული გამოდგა ედსონ ბარბოსასა დებიუტი ქვემსუბუქ (featherweight) წონით დივიზიონში. ბრაზილიელის მეტოქე ჰავაეიელი დენ იგეი იყო. ედსონმა პირველ რაუნდში მეტოქე ნოკდაუნში გაუშვა. მესამე გადამწყვეტი რაუნდის დაწყების წინ კომენტატორმა და ყოფილმა მებრძოლმა მაიკლ ბისპინგმა აღნიშნა კიდევაც, რომ ბარბოსამ გასული ორი რაუნდი მოიგო, თუმცა როგორც ჩანს მსაჯებმა სხვაგვარად ჩათვალეს. საბოლოოდ, გამარჯვება გაყოფილი გადაწყვეტილებით იგეის დარჩა.
ჯექსონვილში კიდევ რამდენიმე საინტერესო ბრძოლა შედგა. მიგელ ბაეზამ ვეტერანი მეტ ბრაუნი ნოკაუტით დაამარცხა. კევინ ჰოლანდმა ენტონი ჰერნანდესს ტექნიკური ნოკაუტით სძლია. ნეიტ ლენდვერმა დარენ ელკინსს აჯობა. კორტნი ქეისიმ მარა რომერო ბორელას მოუგო. როდრიგო ნასიმენტომ კი ოქტაგონზე დონტეილ მეიესზე უკეთ იბრძოლა და შერეულ ორთაბრძოლებში კვლავ დაუმარცხებელია.