მოზარდ მაყურებელთა თეატრში ბელა მირიანაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება [ფოტო]
თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი საპრემიერო სამზადისშია. თეატრი 9, 10, 16, 23 ივნისს მაყურებელს საიუბილეო სეზონის უკანასკნელ პრემიერას სთავაზობს.
რეჟისორმა ირაკლი კავსაძემ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ყველასთვის საყვარელი ნაწარმოები „პატარა უფლისწული“ დადგა.
წარმოდგენის პირველი მოქმედება მთლიანად რეჟისორის მიერ დაწერილ, ორიგინალურ ტექსტზეა აწყობილი და მაყურებელს ეგზიუპერის ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე მოუთხრობს, მეორე მოქმედება კი მთლიანად ეთმობა პატარა უფლისწულის ყველასთვის კარგად ნაცნობ ამბავს.
რეჟისორმა სპექტაკლი დედის, გამოჩენილი ქართველი მსახიობის, ბელა მირიანაშვილის ხსოვნას მიუძღვნა. წელს ბელა მირიანაშვილს 80 წელი შეუსრულდებოდა და შემთხვევითიც არ არის, რომ სპექტაკლში, მოზარდ მაყურებელთა თეატრის ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად, კახი კავსაძეც მონაწილეობს – იგი მთხრობელის როლს ასრულებს, რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდში გვევლინება და მისი სახე წარმოდგენას ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევს.
სპექტაკლი გამოჩენილმა ქართველმა მხატვარმა, გიორგი ალექსი-მესხიშვილმა გააფორმა.